ლიდერ გოგონათა სკოლის 24 პირველკურსელს პირველ ტრენინგზე მიეცა საშინაო დავალება - დევნილი გოგონების მდგომარეობის და სიტუაციის შესწავლის მიზნით სოციოლოგიური კვლევის ჩატარება იმ ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ (კერძოდ, ანკეტირება 10 იგპ გოგოსთან და ჩაღრმავებული ინტერვიუ სამ ქალთან, რომელსაც თავად მიიჩნევენ ლიდერად).
30 ივნისის მონაცემებით, ლიდერთა სკოლის წევრებმა ჯერჯერობით ანკეტირება ჩაუტარეს 180 აფხაზეთიდან დევნილ გოგონას, ხოლო ჩაღრმავებული ინტერვიუ - 54 ლიდერ ქალს.
დევნილი გოგონების უმეტესობას ქალთა ლიდერობის შესახებ ნაწილობრივი ინფორმაცია აქვს. მათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის დახმარება სჭირდებათ.
დევნილი გოგონების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია, კონფლიქტები დარეგულირდეს მშვიდობიანი გზით. მათი დიდი ნაწილი თავს ლიდერად არ აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივ აქტივობებში სხვებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და სხვამ უნდა მოაგვაროს პრობლემები, რადგან მათ ამის უნარი არ გააჩნიათ.
გოგონების დაბალი თვითშეფასება იმ დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენაა, რომლის მიხედვითაც ლიდერობა მათი საქმე არ არის, პრობლემები მამაკაცებმა უნდა მოაგვარონ და ყველა სფეროში ისინი უნდა იყვნენ ლიდერები. გოგონები არც კი ფიქრობენ საკუთარი ლიდერული თვისებების გამოვლენას, თუმცა ბევრ მათგანში შეინიშნება ეს თვისებები, ბევრი მათგანი ხალისით დათანხმდა გამოკითხვას და მზად არის მომავალში ჩაერთოს მსგავს აქტივობებში.
ლიდერ ქალებთან ჩაღრმავებულმა ინტერვიუმ ცხადყო, რომ მათ შესაძლებლობების რეალიზებისას უწევთ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გადალახვა - ის, რომ ქალი დიასახლისია, ლიდერობა კი მამაკაცის საქმეა.
გამოკითხულთა მოსაზრებით, არსებული ბარიერების გადალახვა შესაძლებელია საზოგადოების ცნობიერების ფორმირებით, სწორი შეხედულებების დამკვიდრებით ქალთა შესაძლებლობების შესახებ.
რესპონდენტები მიიჩნევენ - ქალი რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოს, ყველაფერი გამოუვა, ზოგჯერ მამაკაცზე უკეთესადაც. მთავარია, მოინდომოს.
მათი აზრით, ლიდერი ქალის სტატუსს რთულად აღიქვამს საზოგადოება იმ დამკვიდრებული მოსაზრების გამო, რომ ქალი ნაკლებად ჭკვიანია, ზოგჯერ კი უფრთხიან მამაკაცები ლიდერ ქალებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათ გვერდით დაიჩრდილებიან.
ლიდერი ქალბატონები მიიჩნევენ, რომ ქალმა ფსიქოლოგიური შეზღუდვის გარეშე თვითონ უნდა აღიაროს, რომ ის მამაკაცის თანასწორია. სხვა შემთხვევაში თანასწორობა მოჩვენებითია და რეალურად ვერასდროს მიიღწევა თანასწორობა. არსებული უთანასწორობა კი ძალიან ცუდად უბრუნდება საზოგადოებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|