IANSA-სას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კამპანიაში „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ" ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც ჩაერთნენ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები.
ქალებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკონტროლო შეიარაღებას დიდი მსხვერპლი მოსდევს და ამ ფაქტის წინააღმდეგ ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეფასდა. ითქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრება როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას.
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა მუშაობის მოკლე ანგარიში წარმოადგინა. მათ საკრებულოში ტრანპორტთან დაკავშირებული საკითხები დასვეს (არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ტრანსპორტი. ასევე არ არსებობს შეღავათები სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის). ოზურგეთელი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ ქალაქში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები სექტემბრიდან მოგვარდება.
ოზურგეთის ახალგაზრდულ რესურს-ცენტრში შეკრებილმა კლუბის წევრებმა ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრებიც ( სამკაულები, თიხის ჭურჭელი და სხვა) დაათვალიერეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |