თვითმმართველი ქალაქ ფოთში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს.
კლუბის მუშაობას დაესწრნენ ადამიანები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებიდან - უსახლკარო ქალები, ინვალიდთა დედები, მიგრანტები. ქალბატონებმა თავიანთი პრობლემები გააცნეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრს დარეჯან ცხვიტარიას, რომელიც საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა საკითხიც დასვა.
- ასეთი კატეგორიის ბავშვი ბევრია, თუმცა. ქალაქში მათთვის ერთი დღის ცენტრიც კი არ არსებობს. - ითქვა შეხვედრაზე. სამომავლოდ ადვოკატირების ჯგუფი სწორედ ამ საკითხის შესწავლასა და მოგვარებას გეგმავს.
ქალბატონმა დარეჯანმა შეკრებილთ გაუზიარა ინფორმაცია ბელგიასა და ესტონეთში ერთკვირიანი ვიზიტის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ ძალზე სასარგებლო იყო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დიპლომატიური რანგის წარმომადგენლებთან.
- ავიმაღლე პოლიტიკური ცოდნა, გავიზიარე სხვა ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კუთხით, გავიჩინე ახალი თანამოაზრეები.
დარეჯან ცხვიტარია ბრიუსელში ფონდი" სოხუმის" რეკომენდაციით გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, მიღებულ გამოცდილებას ქალთა კლუბის წევრებს გაუზიარებს, თანაქალაქელების კეთილდღეობას მოახმარს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |