ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ფონდი "სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა, რომელსაც დევნილი მოზარდები, პედაგოგები, უფლებადამცავი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოეტები და მსახიობები დაესწრნენ.
გადაცემის მსვლელობისას პასუხი გაეცა კითხვებს: როგორია გარემო, რომელშიც ჩვენი შვილები ცხოვრობენ; აქვთ თუ არა მათ ოპტიმალური პირობები ჯანსაღი და სრულფასოვანი განვითარებისათვის ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში.
იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, გაიზარდონ არაძალადობრივ გარემოში. მათი ჯანმრთელობა, სულიერი და გონებრივი განვითარება საყოველთაო ზრუნვის საგანი უნდა იყოს - პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან.
ტელედისკუსიისას აქტიურობდნენ მოზარდები დევნილი ოჯახებიდან. მათ თავიანთი ოცნებებიც გააჟღერეს, ბავშვური ხედვაც დააფიქსირეს იმაზე, რაც მათ ირგვლივ ხდება და ყველა თანატოლს მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი უსურვეს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |