სენაკში ჟურნალისტებთან შეხვედრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა - ისინი ამომრჩეველ ქალთა კლუბზე მივიწვიეთ, რათა მათ მასალებში კიდევ უფრო მეტად აისახოს გენდერული საკითხები, დევნილთა პრობლემები.
სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები, რამაც დისკუსია კიდევ უფრო საქმიანი და კონსტრუქციული გახადა.
შეხვედრაზე მოეწყო პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის“ ჟურნალისა „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები“. ჟურნალი პირველი საპროექტო წლის ბოლოს გამოვიდა. მასში, სხვა მასალებთან ერთად, არის სტატიები სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბისა და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის შესახებ.
9 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკში, სამხედრო ქალაქის ყოფილ სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს და გააცნო დევნილთა შესახებ კანონით მინიჭებული უფლებები, ესაუბრა დევნილთა ანკეტირების მნიშვნელობაზე.
იურისტი დაინტერესდა პრობლემური საკითხებით. გამოიკვეთა, რომ იქ მცხოვრებთა საერთო პრობლემას წარმოადგენს სარდაფი, კანალიზაცია, ანტისანიტარია. ამის მოგვარება მათ ძალებს აღემატება. ისინი ასევე ითხოვენ ტერიტორიის დასუფთავებას და ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობას, რათა სამხედრო ქალაქში მცხოვრებ პატარებსაც ჰქონდეთ ის „ელემენტარული ფუფუნება“, რასაც საბავშვო საქანელები ჰქვია.
პირველ რიგში, ქუთაისის ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელთა შეხვედრა.
შემდეგ კი შეხვედრის საქმიანი დეტალები: ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, გენდერული აქცენტების გაკეთება, პირადი გეგმების დასახვა...
ფონდ „სოხუმში“ შეკრებილი ჟურნალისტები კარგად ხედავენ და გრძნობენ გენდერულ/სოციალურ დაკვეთას და აქტიურად მუშაობენ ამ კუთხით.
მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ახალგამოცემული ჟურნალი-ანგარიში „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები“, რომელშიც ერთი სტატია ქუთაისელ ტელეჟურნალისტს, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრს ნანა რობაქიძეს ეძღვნება, კიდევ ერთი წერილი კი - ჟურნალისტებთან მუშაობის სპეციფიკას ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში.
8-9 ოქტომბერს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთერთმეტე სხდომა გაიმართა.
სხდომა მიეძღვნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგად შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტის საბოლოო ვერსიიდან პრიორიტეტების გამოკვეთას.
2015 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, 50 რეკომენდაციიდან 13 შეირჩა. პრიორიტეტი გაკეთდა სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო პროგრამაში გენდერული ასპექტების ასახვაზე და პროგრამის ეფექტურ განხორციელებაზე, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის პროგრამაზე, სპორტის გენდერულ ბალანსირებაზე.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის ძველი და ახალი წევრები შეიკრიბნენ. მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს წევრები: დინარა ხუხუა, კობა კილასონია, ჯუმბერ ლაშქარავა და ელისო ცაგურია.
კლუბზე კიდევ ერთხელ აღინიშნა სანატორიუმ „მენჯში“ ჩასახლებული დევნილების პრობლემა. ითქვა, რომ გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ დევნილებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწევათ მომავალში.
გადაწყდა, რომ წამოჭრილი პრობლემის ადვოკატირებაში ჩაერთვებიან სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო კი შუამდგომლობით მიმართავს დევნილთა და განსახლების სამინისტროს.
სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა გადაწყვიტა, იმსჯელოს შემდეგ საკითხებზე: რა სახის პროგრამები არსებობს ქალაქში ახალგაზრდებისათვის, რას ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტი, რამდენად აქვს ახალგაზრდობას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში ჩართვის საშუალება.
კომპეტენტური ინფორმაციის მისაღებად მონაწილეები სენაკის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ. ირაკლი კაჭარავამ (სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) მონაწილეებს მოუთხრო, რას აკეთებს ახალგაზრდული სამსახური, რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდა, რას გეგმავენ მომდევნო თვეებში.
- ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ინიციატივა მოვისმინოთ ახალგაზრდებისგან, აქტიურად ჩავრთოთ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, რათა მომდევნო წლის პროგრამები უფრო მრავალფეროვანი იყოს, - განაცხადა მან.
ახალგაზრდების აზრით, შეხვედრა ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. სურვილი გამოთქვეს, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ახალგაზრდულ სამსახურთან, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც ჩაერთონ.