ბოლო დროს გახშირებულმა ქალთა მკვლელობებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. კერძო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო სტრუქტურები სხვადასხვა ფორმით პროტესტს უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობას.
ამ ფონზე სწორედ რომ დროული იყო ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებული მრგვალი მაგიდა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურის, ხონის რაიონული პოლიციის თანამშრომლების, განათლების რესურსცენტრის და მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
„რამდენად ადეკვატურია ადგილობრივი ხელისუფლების როლი ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში“ - ამ თემის განხილვა ცხარე დისკუსიის ფონზე წარიმართა.
-ყველამ, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვის ხელშიც არის აღსრულების ბერკეტები, მეტი პრაქტიკული და ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას ძალადობის პრევენციისათვის. კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა განსაზღვრავს ძალადობის მსხვერპლთა ეფექტურ დახმარებას, - ასეთი იყო შეხვედრის მონაწილეთა საერთო მოსაზრება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|