ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 30 » ვიღაც, ჩვენს გვერდით, დახმარებას ითხოვს!!!
10:07
ვიღაც, ჩვენს გვერდით, დახმარებას ითხოვს!!!

საქართველოს ხელისუფლებას!  

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს!

მედიასაშუალებებს!

კონფესიების ლიდერებს!

რიგით მოქალაქეებს!

 

ვთვლით, რომ დღეს არ არის დრო ურთიერთბრალდებებისა, თავის მართლებისა, დამნაშავის ძიებისა. დღეს არის მომენტი, როცა ერი და ბერი უნდა გრძნობდეს სირცხვილს, სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ ძალადობა ჩვენს გვერდით არათუ დაუსჯელი დარჩა, გაუგონარი მასშტაბები შეიძინა  და ყოველმა მომდევნო  დანაშულმა, ჩადენილმა უაზრო სისასტიკით, სამუდამო დაღი დაასვა საზოგადოების მთლიან ორგანიზმს, ეჭვქვეშ დააყენა აღიარებული ფასეულობების სისტემა და წარმოუდგენელი საფრთხე შეუქმნა ჩვენი შვილების მომავალს. ყველაზე შემზარავი  - იმსხვერპლა ორი ათეული უდანაშაულო ქალის სიცოცხლე.

ვიტყვით მხოლოდ, რომ ათი წელია ამ პრობლემის შესახებ ყველა ტრიბუნიდან ხმამაღლა ვაცხადებთ. ათ წელზე მეტია, ვცდილობთ თანამოაზრედ ვაქციოთ ყველა, ქალი თუ კაცი, გადაწყვეტილების მიმღები თუ უბრალო მოქალაქე, ოჯახის წევრი, მეგობარი, მეზობელი, გამვლელი - ვინც ხედავს, ესმის და მთელი თავისი არსით, ემიჯნება ძალადობას. ათ წელზე მეტია, პერიოდულად  ვარისხებთ განგაშის ზარებს.

შეიძლება ითქვას, „გაცვთა“ სლოგანები - „არა - ძალადობას!“ „ძალადობა ბოროტებაა!“ „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ „მშვიდობა - შინ, მშვიდობა - გარეთ!“

„გადახურდა“ სატელევიზიო ეთერი გადაცემებით, სოციალური რგოლებით.

ტრადიციად იქცა მასშტაბური აქციები, ქუჩის მსვლელობები.

ყოველწლიურად იზრდებოდა საზოგადოებრივ კამპანიაში ჩართული ადამიანების, მედიასაშუალებების, ორგანიზაციების რიცხვი, იყო ტოტალური სოლიდარობა მისი სულისკვეთების მიმართ. სათვალავი არა აქვს „მრგვალ მაგიდებს“, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ღონისძიებებს, ფორუმ-თეატრის მიერ ჩატარებულ დისკუსიებს, წერილებს და მიმართვებს, რეკომენდაციებს, საკანონმდებლო ინიციატივებს.

აღარ დარჩა სტრუქტურა, ქვეყნის პარლამენტის ჩათვლით, რომელთან თანამშრომლობის მცდელობა არ გვქონია, რათა მათი ყურადღება მიგვეპყრო პრობლემის სიღრმისთვის. გვახსოვს ერთ-ერთი პირველი სლოგანი  -  „ნუ დავხუჭავთ თვალებს, ნუ დავიგმანავთ ყურებს - ერთად აღვუდგეთ  ქალთა მიმართ ძალადობას“. მაგრამ, ეტყობა, სწორედ ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ - საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ამდენი დრო დავკარგეთ,  ძალადობას გულგრილობით, დუმილით თანხმობა განვუცხადეთ...

... მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას, მაგრამ მწარედ გვახსოვს ის წლები, როცა დიდი ბრძოლა გვჭირდებოდა სკოლებში შესაღწევად, აღსაზრდელთათვის პიროვნებათშორისი ურთიერთობების, ძალადობის მიუღებლობის,  ტოლერანტობის თემებზე დისკუსიების ჩასატარებლად.

...მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადების შესახებ, მაგრამ ამისთვის ორი ათეული ქალის სიცოცხლე წარმოუდგენლად ძვირი საზღაურია.  მთელი  პერიოდი, 2006 წლიდან - როცა მიიღეს კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ -  დღემდე, სახელმწიფომ ვერ გამონახა სახსრები ძალადობის მსხვერპლთა დახმარების, ძალადობის პრევენციის მწყობრი სისტემის გასამართად.

ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია კონფესიური ლიდერების ჩართვა ძალადობის პრევენციაში, რამეთუ არც ერთი რელიგია არ აძლევს ვიზას ძალადობას, სუსტის დაჩაგვრას ძლიერის მიერ, საოჯახო ფასეულობების ხელყოფას, მაგრამ სამწუხაროდ, თემა ხშირად იყო აღქმული, როგორც  „ყურით მოთრეული“, „გარედან შემოგდებული“,  ამიტომ მივესალმებით მათ შეხვედრას პრეზიდენტთან და ძალადობის წინააღმდეგ „ერთიანი ფრონტის“ დაანონსებას.

დღეს ყველა ვაკრიტიკებთ პოლიციის მიერ დანერგილ „ხელწერილებს“ და არ ვამბობთ, რომ გარდა კომპეტენციის ნაკლებობისა, „კაცური სოლიდარობის“ მაგალითებისა, მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ხერდებოდა შესაბამისი რეაგირება იმის გამო, რომ არ იყო საკმარისი თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები, რეფერირების პროგრამები. არ არის კოორდინაცია იმ სტრუქტურებს შორის, ვისაც ევალება რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე, მსხვერპლის დაცვა, ძალადობის პრევენცია.

...გვახსოვს ერთ-ერთი  ცენტრალური ტელევიზიის გადაცემა  ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.  ძალიან ჭკვიანი ქალბატონები და ბატონები, რომელთაც წარმოგვიდგინეს მწყობრი თეორიები, ერთმანეთიც ბლომად აკრიტიკეს, ისაუბრეს იმაზე, რა გვაქვს და რა არის გათვალისწინებული კანონით. გადაცემის ბოლოს დარბაზში მყოფი გოგონას ვერდიქტი გაისმა: „გისმენთ და ვრწმუნდები - მე რომ დღეს ძალადობის მსხვერპლი ვიყო - სრულიად დაუცველი ვიქნები!“

სამწუხაროდ, ეს ცხადყო  ცხოვრებამ!

არსებულმა სინამდვილემ დაამსხვრია მითი, რომ ძალადობენ მხოლოდ მათზე, ვისაც არა აქვს ინფორმაცია თავის უფლებებზე, ვინც არ მიმართავს დახმარებისთვის.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდა სხვა შემთხვევებშიც. იმიტომ, რომ კანონი ძალადობის წინააღმდეგ არაფერს წარმოადგენს მისი აღსრულების მექანიზმების გარეშე.

თავში ვამბობდით, რომ არ არის ურთიერთბრალდებებისა და ქვების სროლის დრო, თუმცა ეს საკმაოდ რთული გამოდგა...

ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს, საზოგადოების, ყველა ინსტიტუტის, ყოველი ცალკე აღებული მოქალაქის მაქსიმალური პასუხისმგებლობა იმაზე - რაც ჩვენს გვერდით მოხდა და კიდევ არაერთხელ მოხდება, თუ ძალადობა დარჩა, როგორც ქცევის ნორმა, როგორც მახინჯი „რა ჩემი საქმეას“ გამოვლინება.

ნუ დავხუჭავთ თვალებს!

ნუ დავიგმანავთ ყურებს!

ვიღაც, ჩვენს გვერდით, დახმარებას ითხოვს!!!

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 747 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0