სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა გადაწყვიტა, იმსჯელოს შემდეგ საკითხებზე: რა სახის პროგრამები არსებობს ქალაქში ახალგაზრდებისათვის, რას ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტი, რამდენად აქვს ახალგაზრდობას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში ჩართვის საშუალება.
კომპეტენტური ინფორმაციის მისაღებად მონაწილეები სენაკის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ. ირაკლი კაჭარავამ (სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) მონაწილეებს მოუთხრო, რას აკეთებს ახალგაზრდული სამსახური, რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდა, რას გეგმავენ მომდევნო თვეებში.
- ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ინიციატივა მოვისმინოთ ახალგაზრდებისგან, აქტიურად ჩავრთოთ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, რათა მომდევნო წლის პროგრამები უფრო მრავალფეროვანი იყოს, - განაცხადა მან.
ახალგაზრდების აზრით, შეხვედრა ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. სურვილი გამოთქვეს, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ახალგაზრდულ სამსახურთან, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც ჩაერთონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|