ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 18 დეკემბერს გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია -ადგილობრივი სტრუქტურათშორისი თანამშრომლობა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები, ახალგაზრდები, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, საზოგადოების ჯგუფები.
როგორც მრგვალ მაგიდაზე ითქვა, პრობლემა აჭარის რეგიონშიც თვალსაჩინოა და სერიოზულად დგას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობა. მნიშვნელოვანია კანონის არსებული მექანიზების სრული გამოყენება, რაც შეუძლებელია სტრუქტურებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის გარეშე.
სად არის ყველაზე „სუსტი წერტილები“ ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ძალადობის პრევენციის მიმართულებით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, განათლება, რა როლი ენიჭება სხვადასხვა სექტორს, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემაზე რეაგირების კუთხით - შეხვედრაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა, რაც, ორგანიზატორების აზრით, აუცილებლად აისახება რეკომენდაციებში და წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.
ითქვა, რომ საზოგადოებრივ დისკუსიებს სისტემატიური ხასიათი უნდა მიეცეს.
შეხვედრა ტელეკომპანია „აჭარას“ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|