პრეს-რელიზი
ქუთაისი, 2010 წ მაისი
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი”
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში
2010 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე ფონდი "სოხუმი” საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსებთან” პარტნიორობით და მათივე მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ხონი, წყალტუბო, ქუთაისი - ახორციელებს პროექტს "იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში”.
პროექტის ბენეფიციარები: რეგიონში მცხოვრები იძულებით გადააადგილებული ქალები.
პროექტი შედგება ორი ეტაპისაგან:
I ეტაპი: დევნილ ქალთა ინფორმირებულობისა და აქტიურობის გაზრდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ. (2010 წლის მაისი).
II ეტაპი: დევნილთა განსახლების პროცესის მონიტორინგი. (ივნისი - დეკემბერი).
პროექტის I ეტაპი მიზნად ისახავს წინა არჩევნების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით (სადაც დევნილი ქალები პასიურობას იჩენდნენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით) იგპ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდას საარჩევნო კანონმდებლობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის როლთან და დანიშნულებასთან, შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში იმერეთის ქალაქებში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო) იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები (სულ 18 შეხვედრა), რომლის შედეგად 360 ქალი მიიღებს ცოდნას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, გაიზრდება მათი ინფორმირებულობა საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ, გაიზრდება მათი საარჩევნო აქტივობა.
პროექტის II ეტაპზე იგეგმება დევნილთა განსახლების პროგრამის შესრულების მონიტორინგი სარემონტო სამუშაოების ხარისხის, ფართების განაწილებისას სამართლიანობის პრინციპის დაცვის, გენდერული პრინციპის გათვალისწინების კუთხით.
მონიტორინგი განხორციელდება ქუთაისში განთავსებულ 14 ცენტრში: ყოფილი სააფთიაქო სამმართველო; სამხედრო ლიცეუმი, სამხედრო კომისარიატი; ბაგა-ბაღი (ზაქარიაძის №21); ბაგა-ბაღი (ნიკეას №19); ბეტონის ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; საფინანსო კოლეჯი; სამთო კოლეჯი; აეროპორტის ადმინისტრაციული კორპუსი; სათაფლია; ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი; ტუბ-დისპანსერის ბაგა-ბაღი; კოპიტნარის სამხედრო დასახლება.
დევნილთა განსახლების საკითხებთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზი და არსებული წინადადებები წარედგინება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
|