გამომცემლობა "დიოგენეს" ინიციატივით 2014 წელი
წიგნიერების წლად გამოცხადდა. ამ ინიციატივაში ჩაერთო ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა - ქვეყვის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა, რომლის დოკუმენტთა
რაოდენობა ერთ მილიონს აღწევს.
ფონდი „სოხუმიც" გამოეხმაურა ინიციატივას, მონაწილეობას იღებს
ბიბლიოთეკის ღონისძიებებში,
იგეგმება ერთობლივი აქტივობებიც.
4 თებერვალს ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „აფხაზის ლექსები". წიგნის ავტორია ახალგაზრდა პოეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თემურ ხაჯბა.
პრეზენტაციას უამრავი
სტუმარი ესწრებოდა (პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები, ჟურნალისტები,
სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები) და
მას წითელ ზოლად გასდევდა სამშვიდობო სულისკვეთება. არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი
ღონისძიებები ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას
ემსახურება.
მოზღვავებულ გრძნობებს კალამსა და ფურცელს ანდობს ახალგაზრდა პოეტი -
აფხაზეთის სიყვარულითაა გაჟღენთილი მისი ლექსების თითოეული სტრიქონი.
თემურ ხაჯბამ ორი წლის ასაკში დატოვა ოჩამჩირე, ის მშობლიურ
კუთხეში დაბრუნების იმედს არ კარგავს. |