|
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკისა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებს. საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებზე. დისკუსიაში ორივე მხარე აქტიურად იყო ჩართული. მოხდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა.
შეხვედრა ფონდი „სოხუმისა“ და საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელობამ შეაჯამა. ხაზგასმული იქნა მისი უდიდესი მნიშვნელობა გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პერსპექტივების კუთხით. ფონდის მესვეურებმა გამოყვეს საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საპარლამენტო საბჭოსთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრატეგიის დასახვა.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში პირველად ჩატარდა ამ მასშტაბის შეხვედრა საკრებულოს წევრებთან და ეს პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია: „მიხარია, რომ ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან მოქალაქეების საჭიროებებთან. ხელისუფლება ხომ, პირველ რიგში, გვჭირდება იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახდეს და ამისთვის სწორად დაიხარჯოს ბიუჯეტი. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა თქვენთან, ვისაც შეუძლია მსჯელობა არსებულ პრობლემებზე და მათი მიტანა იმ ადამიანებისადმი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს“.
გადაწყდა, რომ მომავალ შეხვედრებს თემატური დატვირთვა მიეცეს, რაც საკითხების სიღრმისეული განხილვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საწინდარი იქნება.
|