16 მაისს ტელეკომპანია "რიონის” ეთერში ფონდი "სოხუმის” მიერ ინიცირებული ტელეგადაცემა გავიდა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხებოდა.
გადაცემის ნაწილი ფონდის მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია "International Alert”- ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგებზე საუბარს დაეთმო, რომელიც მიზნად საზოგადოებისათვის ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის - «დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” - შედეგების გაცნობას, კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას ისახავდა.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და სოფლებში ჩატარებული შეხვედრების ირგვლივ პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ისაუბრეს, მათვე ასახეს ის ძირითადი განწყობები, რომლებიც ამ შეხვედრებზე სუფევდა: როგორია საზოგადოების ხედვა, რა საფრთხეებს ხედავენ, რა მიმართულებით თვლიან საჭიროდ სამშვიდობო მუშაობას, რამდენად რეალისტურია, მათი აზრით, სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და რა მომავალი აქვს ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ თანამშრომლობას.
სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს ექსპერტებმა. მათი აზრით, "მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდულია პოლიტიკური თანამშრომლობის მომენტი, ამ სტრატეგიის მიღებით საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი და კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს. მიღებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმაც, რომლის ინსტრუმენტები აუცილებლად დააინტერესებთ აფზაზებსა და ოსებს. საჭიროა დრო და მუხლჩაუხრელი შრომა მის გასატარებლად”.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |