ფონდი „სოხუმი", ტრადიციულად, აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ". რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც რადიომსმენელს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, პარტნიორებზე და სადისკუსიო თემებზე მოუთხრო.
„წელს ჩვენი კამპანიის სახე იქნება ქუთაისის ტორპედო"; „საფეხბურთო მატჩის დროს დარიგდება კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები"; „მრგვალი მაგიდები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სოციალურ პარტნიორობას და თანამშრომლობას შეუწყობს ხელს"; „ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო აქცია, რომელიც 26 ნოემბერს 12 საათზე მთელ დასავლეთ საქართველოში ტარდება ფონდის აქტივისტების მიერ"; „6 ათასი საინფორმაციო ფურცელი დარიგდება", „ისევ მნიშვნელოვანია მედიაკომპონენტის ჩართვა კამპანიაში"; „ჩვენი აქტივისტი ახალგაზრდები ათობით ღონისძიებას ატარებენ კამპანიის ფარგლებში"...
გადაცემაში ფონდის პარტნიორები, არასამთავრობი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ძალადობის პრობლემის გადასაწყვეტად საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობის საკითხებთან ერთად კონკრეტული საკითხების ირგვლივაც საუბრობენ. მაგალითად - მათი აზრით, აუცილებელია განახლდეს ძალადობის პრობლემაზე მომუშავე ჯგუფის მუშაობა და ამ კუთხით ახალი მოწვევის პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობა.
რადიოგადაცემამ საზოგადოებას კამპანიის დაწყება ამცნო და საზოგადოებას აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
|