ლიდერთა სკოლის მონაწილეები მორიგ ტრენინგზე შეიკრიბნენ. მათ უკვე ბევრი რამ იციან და მზად არიან მეტი პრაქტიკული საქმისათვის. ეს ტრენინგიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას მიეძღვნა - ახალგაზრდები, ტრადიციულად, აქტიურად უნდა ჩაერთონ 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
კამპანიის დაგეგმვა, მისი მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოებაზე, საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება, ფასილიტაციის უნარ-ჩვევები, მრგვალი მაგიდისა და სხვა ღონისძიებების მომზადება და ჩატარება - ამ და სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა მუშაობა ინტერაქტიული რეჟიმით.
ტრენინგის ბოლოს განისაზღვრა ყოველი მონაწილის როლი და ჩართულობის ხარისხი კამპანიაში. ისინი გეგმავენ მრგვალი მაგიდისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, ფილმის ჩვენებას და დისკუსიას, ასევე აქციებს პარკებში და ქუჩებში.
„ჩვენ გველის სერიოზული გამოცდა და შევძლებთ კიდეც მიღებული ინფორმაციის გამოყენებას და კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებას," - აღნიშნეს გოგონებმა.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |