ფონდი „სოხუმი" უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას
16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
„სახლში მშვიდობიდან – მსოფლიოში მშვიდობამდე"
ფონდი „სოხუმი" 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ტრადიციულად ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მთელ დასავლეთ საქართველოში ფონდის წევრები, მოხალისეები, ახალგაზრდა ლიდერები, პარტნიორები და ბენეფიციარები გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გავრცელდება კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნილი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები, ბუკლეტები.
„2011 წლის კამპანია არის საშუალება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და განვიხილოთ, რა შეუძლია ქალთა უფლებების დაცვის გლობალურ მოძრაობას იმ სისტემების შესაცვლელად, რომელთა წყალობითაც გრძელდება ქალთა მიმართ ძალადობა ყველა დონეზე – ადგილობრივიდან გლობალურამდე", - ნათქვამია საერთაშორისო კამპანიის მასალებში.
კამპანიის საერთო თემა ემსახურება ჩვენი ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რომ საჭიროა მუშაობა ძალადობრივი და მილიტარისტული მენტალიტეტის გარდაქმნისათვის და მეტი პარტნიორის ჩასართავად სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს შენების პროცესში.
„სახლში მშვიდობა" ეხმიანება და უკავშირდება „მსოფლიოში მშვიდობას", ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი
საკონტაქტო ინფორმაცია:
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი”
ქუთაისი, მგალობლიშვილის 6. ტ. 27-29-02
women@fundsokhumi.ge
|