|
"კარი
მომხვდა”...”აბაზანაში დავეცი”... - ეს ის შაბლონებია, რომლითაც ძალადობის
მსხვერპლი "ხელს აფარებს” ხოლმე მოძალადეს.
როგორი
მასშტაბები აქვს ოჯახში ძალადობას რეგიონში, როგორ ხდება პრობლემის დარეგულირება,
რა სტრუქტურები არის ჩართული მსხვერპლისთვის დახმარების გაწევის, მოძალადის
დასჯის, ძალადობის პრევენციის საკითხში. როგორ მუშაობს ძალადობასთან ბრძოლის
სახელმწიფო რეფერალური მექანიზმები და რა კუთხით სჭირდება მათ დახვეწა.
ამ
საკითხების ირგვლივ შედგა მსჯელობა ფოთში, ფონდი "სოხუმის” მიერ ორგანიზებული
ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომელსაც დევნილი ქალები,
ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სოციალური სამსახურების
წარმომადგენლები, პედაგოგები, იურისტები, ახალგაზრდების ჯგუფები ესწრებოდნენ.
ძალიან
გულწრფელი საუბრების ფონზე გამოიკვეთა ის სუსტი რგოლები, რომლებიც ძალადობის
მსხვერპლის დაცვის კუთხით არსებობს. კონკრეტული მაგალითები მოწმობენ, რომ
აუცილებელია სოციალური მუშაკებისათვის
სამოქმედო არეალის გაზრდა, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების რეფერირების
პროგრამების კუთხით; ხაზგასმულ იქნა ფსიქოლოგიური სამსახურების დანერგვის
აუცილებლობა; გაჟღერდა ინიციატივა - შესაბამისმა ორგანიზაციებმა, სამინისტროსთან
თანამშრომლობით, ხელი შეუწყონ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტრენინგებს.
დასახელდა შემთხვევები, რამაც ცხადი გახადა, რომ ზოგ შემთხვევაში ძალადობის
მსხვერპლის მიმართვა არათუ უპასუხოდ დარჩა, არამედ ქილიკის საგანიც გახდა. ამავე
დროს, ძალიან ხშირად, რიგი თანამშრომელი მაღალ კომპეტენციასა და საკითხის ღრმა
ცოდნას ავლენს.
მრგვალი
მაგიდის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ამ კუთხით პატრულის მუშაობა უფრო მისასალმებელია, ვიდრე საუბნო პოლიციისა,
რომელიც, როგორც წესი, ინფორმაციას ფლობს, მაგრამ შესაბამისად არ რეაგირებს. ითქვა
ისიც, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურ მუშაობას სერიოზულად აბრკოლებს ძალადობის
მსხვერპლთა თავშესაფრებისა და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობა.
დაისვა ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მეტი ქმედითობის აუცილებლობისა და
საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეფერალური მექანიზმების სუბიექტებს
შორის მეტი კონტაქტის აუცილებლობის საკითხი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|