რამდენად ეფექტურია ის სამართლებრივი და სოციალური მექანიზმები, რომლებიც სადღეისოდ არსებობს ძალადობის მსხვერპლის დახმარების კუთხით, როგორ ახერხებს ის იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას; როგორია კოორდინაცია იმ ინსტიტუტებს შორის, რომელთაც ევალებათ რეაგირება და ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა; რა უნდა შეიცვალოს პრობლემის მოგვარებაზე უფრო ეფექტური რეაგირებისათვის?
წყალტუბოში, საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით მრგვალი მაგიდა ჩატარდა. ღონისძიებას დევნილთა ჯგუფები, ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, სამართალდამცავები, ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
დისკუსიის დროს გამოიკვეთა, რომ რაიონში სოციალური მუშაკის ინსტიტუტი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მოყვანილმა მაგალითებმა ცხადყო ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოების აუცილებლობა. „ასეთ დიდ რაიონში მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი არ უნდა იყოს". დევნილი ქალბატონები მათ თემში პრობლემის არსებობას აღიარებენ: „დევნილთა ოჯახების საჭიროებების შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან ძალადობის პრობლემა ჩვენს ირგვლივ ძალიან ხშირია".
წამოიჭრა თავშესაფრების საკითხი, რომელიც, მონაწილეთა აზრით, მეტი უნდა იყოს. საუბარი შეეხო მოხუცთა თავშესაფრებსაც, რომელში მოხვედრას წლებით ელოდებიან შეჭირვებული მოხუცები.
საინტერესო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ხელი შეეწყოს თანამშრომელთა ტრენინგებს.
ხაზი გაესვა ადგილობრივი თემის, ხელისუფლების, სოციალური ინსტიტუტების ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას პრობლემის გადაჭრის საკითხში. |