საკრებულომ კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ და მასთან არსებულ ლიდერ გოგონათა სკოლას უმასპინძლა.
ლიდერ გოგონათა სკოლა მეხუთე წელია, არსებობს და მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქში ჩასახლებული დევნილი გოგოების გააქტიურებას სამშვიდობო პროცესში.
სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ დემოკრატიის კურსის პირველი ტრენინგი „ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ინსტრუმენტი“.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან კირკიტაძემ, საკრებულოს წევრებმა: მერაბ მეშველიანმა და გიორგი შავგულიძემ გოგონებს დეტალურად გააცნეს საკრებულოს საქმიანობა, კომიტეტების მუშაობა, არსებული კომისიების სტრუქტურა, შემდეგ კი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას დახმარებით მცირე ექსკურსია ჩაუტარეს მერიის შენობაში.
საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს ერთი თვით მერიაში და საკრებულოში სტაჟირების გავლა შესთავაზა, აგრეთვე თითოეულ მათგანს საჩუქრად წიგნები გადასცა.
ასეთი შინაარსის ინფორმაცია დაიდო ქუთაისის საკრებულოს მთავარ გვერდზე.
საკრებულოში დაწყებული სტუმრობა ფონდ «სოხუმში» კულტურული ღონისძიებით დაგვირგვინდა - გოგონები ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებს შეხვდნენ.
არანაკლებ საინტერესო იყო მომდევნო დღის პროგრამები. პოლიტიკური პარტიების სტრუქტურაზე და როლზე საკრებულოს წევრმა გიორგი შავგულიძემ ისაუბრა.
ტრენინგის მომდევნო ბლოკი მერაბ მეშველიანმა (საკრებულოს წევრმა) გააგრძელა არჩევნებზე და საარჩევნო უფლებებზე საუბრით.
იურისტმა თამარ ფაჩულიამ მონაწილეებს გააცნო ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
მესამე დღე საკრებულოს წევრ მამუკა მღვდელაძესთან ერთად კი მთლიანად დაეთმო ქართულ პოლიტიკაში ქალის როლსა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობის პრაქტიკული ნაბიჯების განხილვას.
თეორიულ ნაწილს ახლდა ინტერაქტიული და როლური სავარჯიშოები. დისკუსიებში მთელი ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული.
მონაწილეების აზრით, ყველა დღე პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იყო:
- ჩვენს ასაკში ბევრს არა აქვს საშუალება, გაეცნოს საკრებულოს და მერიის შიდა სამზარეულოს. ადგილობრივ ხელისუფლებაში მიგვიღეს როგორც კოლეგები.
- მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციით დატვირთულები. პოლიტიკა ჩვენთვის უფრო საინტერესო გახდა.
ლიდერთა სკოლის დემოკრატიის კურსი დასრულდა, მიღებული გამოცდილება უსათუოდ ჰპოვებს პოზიტიურ გამოძახილს მათ მომავალ საქმიანობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|