17 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ფოკუს-ჯგუფის” ფორმატით გამართულმა შეხვედრამ ახალი საინტერესო მასალა მისცა ფონდი "სოხუმის” მიერ განხორციელებული კვლევის მონაწილეებს.
შეხვედრაზე საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა თავისი პოზიცია გამოხატეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საქართველოში ქალი პოლიტიკოსი უფრო ნაკლები, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსი, რატომ არ ჩანან ქალები საარჩევნო სიის თავში, რას შეცვლიდა პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობა, საჭიროა თუ არა გარკვეული ღონისძიებების გატარება ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად.
"თვითონ ქალი უნდა გავააქტიუროთ, მისი მოტივაცია მოვახერხოთ, ლიდერული უნარ-ჩვევები განუვითაროთ”;
"გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, მამაკაცები ღებულობენ, ჩვენ მათ მითითებებს ვასრულებთ”, - ქალების ამ განმარტებაში აშკარად ჟღერს უკმაყოფილების ნოტები.
"ჩვენი აქტიურობა ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილია. ხელშეწყობის, მხარდაჭერის დეფიციტს ნამდვილად ვგრძნობთ”;
"პოლიტიკოს ქალს დამაჯერებლობა აკლია”. "მაშინ როგორღა უგებს მაჟორიტარულ არჩევნებს მამაკაცებს?” - ეს უკვე დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებია.
"მასმედია ქალი პოლიტიკოსების ჩვენებისასა შოუს ელემენტებს ეძებს”, - ეს შეხედულება ძალიან არ გაუპროტესტებიათ.
საერთო იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკაში აუცილებლად დაეტყობა სოციალურ პრიორიტეტებს, განათლებას, ჯანდაცვას, თუმცა სპეციალურ ღონისძიებებს მათი რაოდენობის გასაზრდელად უმეტესობა, მათ შორის ქალებიც, არასასურველად მიიჩნევს. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ "ეს დამატებითი სტიმული იქნება ქალებისათვის, კანონით გამყარებული მხარდაჭერა მეტ მოტივაციას მისცემთ”.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.