ფონდი "სოხუმის” ტრენერთა ჯგუფმა ფოთში, ორგანიზაციის მიერ გახსნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მორიგი საგანმანათლებლო ტრენინგ- სემინარი ჩაატარა. თემა - ოჯახში ძალადობის პრევენცია.
სამიზნე ჯგუფს ძირითადად ფოთში მცხოვრები დევნილები წარმოადგენდნენ.
სამი დღის განმავლობაში საინტერესო და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა საგანმანათლებლო ბლოკებში მიეღოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საკითხზე, კომუნიკაციასა და კონფლიქტის თეორიაზე, მიეღოთ ფსიქოლოგისა და იურისტის კვალიფიციური რჩევები. ამასთან, გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჯანსაღი კომუნიკაციისა და ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ წარმოდგენები.
"სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები. გავაანალიზოთ, გადავაფასოთ ბევრი რამ, რაც აქამდე ძალიან მნიშვნელოვანი, ან პირიქით, სულ უმნიშვნელო გვეგონა”...
"ბევრი ქალი ვიცი, რომელიც მსგავსი შეხვედრების შემდეგ სხვა თვალით შეხედავდა თავის ცხოვრებას, აუცილებლად შეეცდებოდა რაიმეს შეცვლას”...
ბენეფიციარებმა სურვილი გამოხატეს, გაგრძელდეს თანამშრომლობა ფონდთან, მეტი ადამიანი იქნეს ჩართული მსგავს ღონისძიებებში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.