ფონდი "სოხუმის" ინიციატივით ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ბათუმიდან, ოზურგეთიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, ხონიდან, ხობიდან, ფოთიდან (თითო კლუბიდან ორ-ორი წარმომადგენელი).
ტრენინგის თემა იყო „ქალების მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად".
რა არის ის განსაკუთრებული თვისებები, რითაც გამოირჩევიან ქალი-ლიდერები მამაკაცი ლიდერებისგან, რა ქმნის ქალთა სოლიდარობის დეფიციტს, რატომ არ ირჩევენ ქალ- კანდიდატებს? - სამუშაო დღე ამ საკითხების განხილვით დაიწყო და მის განხილვაში მთელი ჯგუფი აქტიურად ჩაერთო.
მომდევნო დღე მთლიანად დაეთმო საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის გარჩევას.
ბოლო დღეს კი მონაწილეებმა ვორკშოპის მოდულზე იმუშავეს.
მონაწილეებმა სამდღიან მუშაობას პროდუქტიული უწოდეს:
- საინტერესო მუშაობა გამოგვივიდა,ქალთა ლიდერობის თემას სხვადასხვა კუთხით შევხედეთ და ბევრი რამ ხელახლა გავაცნობიერეთ.
- საარჩევნო კანონში ბევრი საინტერესო ცვლილებაა შესული, კანონების ცოდნა დაგვეხმარება ნებისმიერ საკითხში კვალიფიციურები ვიყოთ, აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესებში.
პროექტის მიხედვით მონაწილეები ვორკ-შოპებს საკუთარ ქალაქებში ჩაატარებენ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან იმუშავებენ და გააცნობენ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED). |