ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ „მრგვალ მაგიდაზე“ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის („გენდერული საჭიროებების შეფასება ადგილობრივი განვითარების კონტექსტში“) შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, ახალგაზრდებმა, სოციალურად დაუცველ და იგპ ქალთა ჯგუფებმა, პედაგოგებმა, არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა. სადისკუსიო თემების (ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა მუნიციპალურ დაგეგმარებაში; ადგილობრივ პოლიტიკასა და ბიუჯეტში გენდერული ასპექტების ჩართვა; ქალთა და სხვა ჯგუფების მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებაში; ადგილობრივი სოციალური ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ მიმართული პროექტები) გარდა, მრგვალი მაგიდის მონაწილეები არაერთ მნიშვნელოვან თემას შეეხნენ. კარს მომდგარი არჩევნების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა - ქალი-კანდიდატების მხარდაჭერა, პარტიებისა და საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ.
გაჟღერდა საინტერესო წინადადებები, გამოიკვეთა საბჭოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
იყო კრიტიკული შენიშვნები: „ზოგიერთი პროგრამის დაფინანსების საჭიროება უკვე არ არ არის, მაგრამ ინერციით გრძელდება. სამწუხაროა, რომ საზოგადოება ნაკლებად ერევა ამაში“.
ოპტიმისტური პროგნოზებიც: „დღეს კვლევით დასაბუთებული არაერთი საჭიროება მოვისმინეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია აისახება თვითმმართველობის პროგრამებში“. „ვფიქრობთ, ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისთვის, რომელზე მუშაობაც მალე დაიწყება, საბჭო სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფთან თანამშრომლობით ბევრ ახალ ინიციატივას გააჟღერებს“. „საბჭო გულმოდგინედ ცდილობს, ხელი შეუწყოს მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალთა ჯგუფების, ჩართულობას ადგილობრივი რესურსების განაწილებაში“.
მრგვალი მაგიდა აქტუალური აღმოჩნდა მედიისათვის. თემების მიმართ დაინტერესება ბათუმში მოქმედმა თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გამოხატა.
http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=57989#.U3TfeRxKkM0.facebook
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|