ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" ინიციატივით გამართული საზოგადოებრივი დებატების მონაწილეთა ყურადღების ცენტრში მოზარდებში სუიციდის შემთხვევების ზრდის სამწუხარო ტენდენცია მოექცა. თემა შემთხვევით არ შერჩეულა. საგანგაშო სტატისტიკის გამო ფონდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისის, ხურჩის) ორგანიზებულ შეხვედრებზე ის ერთერთ ყველაზე მწვავე პრობლემად იქნა მიჩნეული და ფონდის სპეციალისტების - ფსიქოლოგების, იურისტების შეშფოთება გამოიწვია.
საუბარი პრობლემის მიზეზებს, მისი პროფილაქტიკის გზებს და საშუალებებს შეეხო. მოწვეულმა ექსპერტებმა შეკრებილთ ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკა მიაწოდეს (2011 წლის მონაცემებით ქვეყანაში სუიციდის 64 შემთხვევა დაფიქსირდა). როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რეალური სურათი ძირეულად განსხვავებულია და პრობლემაზე მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას გვაძლევს.
„უნდა მოხდეს ყოველი კერძო შემთხვევის კვლევა, მიზეზების ძიება"; „ვაღიაროთ პრობლემა, როგორც სოციალური დაავადება"; „ვეცადოთ, მოზარდი მარტო არ დავტოვოთ თავის პრობლემებთან"... ეს დისკუსიის მონაწილე ფსიქოლოგების, პედაგოგების, ჯურნალისტების, ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებია.
ღონისძიებას მალევე მოყვა კონკრეტული რეზულტატები: ძალიან მნიშვნელოვანი იყო რიგი სკოლების ხელმძღვანელობის აღიარება, რომ, მალე სკოლების დღის წესრიგში დადგება ფსიქოლოგების „დაბრუნების" აუცილებლობის საკითხი. შეხვედრაზე განხილული პრობლემა მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. დღის განმავლობაში ტელეკომპანია „რიონის" საინფორმაციო გადაცემების საეთერო დრო რამდენჯერმე დაეთმო საზოგადოებისათვის ამ მეტად მტკივნეულ პრობლემას და კიდევ ერთხელ გაისმა განგაშის სიგნალი მათთვის, ვინც ბოლომდე ვერ აცნობიერებს მიზეზებს, რომლის შედეგი უამრავ ოჯახში დატრიალებული დრამაა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |