5 ივლისს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფოტოჟურნალისტ ვიქტორია ივლევას (რუსეთი) გამოფენის - ომის აპოთეოზი - პრეზენტაცია შედგა. პროექტი ხორციელდება ფონდი როზა
ლუქსემბურგის ფინანსული მხარდაჭერით და ორგანიზება მოხდა 2 პარტნიორი ორგანიზაციის
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო) და რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი „დონის ქალების" (რუსეთი) მიერ.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ტაჯიკეთში, ავღანეთში, უგანდაში, ანგოლასა და რუანდაში გადაღებული 42 ფოტო.
სპეციალურად პრეზენტაციისთვის მოსკოვიდან ჩამოვიდა, ავტორი ვიქტორია ივლევა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის წევრები - ქალთა ეროვნული ფონდი „ტასოს" გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერ-მედია-კავკასიის" პრეზიდენტი გალინა პეტრიაშვილი, „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" თავმჯდომარე მანანა მებუკე, მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე მერი გელაშვილი, პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყაროს" თავმჯდომარე ნანული რამიშვილი, ფონდი "სოხუმის" თავმჯდომარე ალლა გამახარია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები.
ფონდი „სოხუმის" შთაბეჭდილებათა წიგნში ვკითხულობთ:
-გამოფენაზე წარმოდგენილი მაღალი პროფესიონალიზმითა და ღრმა ჰუმანიზმით გამსჭვალული შავ-თეთრი ფოტოები განსაკუთრებულად ამძაფრებს ომის საშინელებებს.
-ეს არის შემზარავი სიმართლე. ამ სურათებში ჩანს ბრალდებაც, თანაგრძნობაცა და პროტესტიც. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და უბედურება მოაქვს ადამიანებისათვის.
- მსგავსი რამ არსად უნდა განმეორდეს! მადლობა ავტორს, მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს!
გამოფენა 9 ივლისამდე გაგრძელდება. |