23-25 ივლისს ფონდი "სოხუმის”
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დემოკრატიის კურსის წარმომადგენლებს საკრებულოში სემინარი
ჩაუტარდათ. მწვრთნელები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ქალთა პოლიტიკური
რესურს ცენტრის ხელმძღვანელი.
სამდღიანი სემინარის განმავლობაში
მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების არსს, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას,
პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართებას, ფემინიზმის ისტორიასა
და ეტაპებს, ქალთა როლს პოლიტიკაში.
საკრებულოში ჩატარებულმა სემინარმა
და ექსკურსიამ, შეხვედრამ საკრებულოს წევრებთან, ახალგაზრდა გოგონებს გაუმყარა სურვილი
გახდნენ იდეალური ლიდერები, ზოგმა მათგანმა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელიც მოირგო.
"მას, ვინც ჩაჯდება ამ სავარძელში,
დიდი მომავალი ელოდება. გახსოვდეთ, განათლება და ინტელექტი საწინდარია ადგილობრივ თვითმმართველობაში
მოსასვლელად და შემდგომი წინსვლისათვის”, - მიუთითა მათ საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან
ხვადაგიანმა და გოგონებს საკრებულოში სტაჟირების გავლაც შესთავაზა.
ექსკურსიისას გოგონებს მიეცათ
საშუალება გაცნობოდნენ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა საქმიანობას. მათთვის სამაგალითო
ლიდერი ქალებიც აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ "უშუალობა - ერთ-ერთი საუკეტესო გზაა
ადამიანთ გულებისაკენ”.
საარჩევნო უფლების გაცნობამ ახალგაზრდებს
თვითდაჯერებულობა შემატა. დღეს ისინი თამამად ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებში სრულყოფილად
გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას და დაიცავენ თავიანთ უფლებებს.
|