ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებული „თოქ-შოუს" თემა აქტიური ქალების მიმართ მედიის დამოკიდებულებას ეხებოდა.
როგორია მედიის გენდერული ვექტორი საქართველოში - პრესის, რადიოს, ტელევიზიის, სოციალური ქსელების თვალსაზრისით; აღიქვამენ თუ არა მედიას მოკავშირედ აქტიური ქალები და განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან; რამდენად დგას მედიის დღის წესრიგში ქალთა თემატიკა და როგორია სარედაქციო პოლიტიკა ამ კუთხით.
რა გამოცდილება აქვს ფონდ „სოხუმს" ამ მიმართულებით და რამდენად შეიძლება მისი განზოგადება - მაყურებელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ფონდი „სოხუმის" წევრების, ჟურნალისტების, საზოგადოების წარმომადგენლების, აქტიური ქალების დისკუსიები ამ საკითხებზე.
გადაცემაზე ცენტრალური და რეგიონალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა, რომელთაც თავისი საქმიანობით კარგა ხანია გააკეთეს პიროვნული და პროფესიული განაცხადი სხვადასხვა სფეროში, თავისი დამოკიდებულება გამოხატეს ფონდის მიერ ინიცირებული სადისკუსიო თემების მიმართ. გაკეთდა მედიის გენდერული პოლიტიკის ანალიზი, მიმოხილული იყო თემები, რომლების ქალებთან მიმართებაში ყველაზე მოთხოვნადია, მედიის კოსტრუქციულობის საკითხი მათთან მიმართებაში.
საინტერესო განხილვა მოეწყო იმასთან დაკავშჲრებით, თუ როგორ აშუქებენ ქართული მედიასაშუალებები ქალის თემას. ითქვა, რომ სასურველი იქნება, თუკი ქართული ტელესივრცე უფრო მეტ დროს და ადგილს დაუთმობს ქალთა თემატიკას.
ეკა ფხაკაძემ ისაუბრა ფონდი „სოხუმის" დაკვეთით დამზადებულ ფილმზე - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში". შეეხო ფილმის ორ პერსონაჟს, რომლებიც ნიჭიერი, წარმატებული ქალების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროფესიონალების პოპულარიზაციით შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ლიდერი ქალის მოტივირება.
ფონდი "სოხუმის” საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა აღნიშნა, არამარტო ქუთაისში, არამედ თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში არ დარჩენილა აქტიური, საზოგადოების მიერ დაფასებული ქალბატონი, რომელიც სხვადასხვა დროს ფონდის საინფორმაციო მუშაობის თვალსაწიერში არ მოხვდა. ეს იყო არა მარტო მათი პოპულარიზაცია, საზოგადოებისათვის მათი საქმიანობის გაცნობა, არამედ სხვა ქალების მოტივაციაც აქტიური სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობისათვის.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |