ივლისში კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" 4 შეხვედრა ჩატარდა. მასში ორმოცდაათამდე გოგონა მონაწილეობდა. შეხვედრების თემა იყო-„გულრიფშის რაიონი და მისი გეოგრაფიული მნიშვნელობა".
შეხვედრები კლუბში აღნიშნულ თემაზე ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთსა და სენაკში ჩატარდა. კლუბის წევრი გოგონები შეხვედრებზე გულრიფშის რაიონზე მიმოხილვითი საუბრის შემდეგ იხილავენ საშინაო დავალებას, რაც მათ ახალ ინიციატივას წარმოადგენს. ასეთი მეთოდებით ისინი დამოუკიდებელ მუშაობას ეჩვევიან და თავიანთი მუშაობის პრეზენტაციასაც აკეთებენ.
ლიკა ხორავა: - კლუბის შეხვედრებზე, მე , როგორც ქართულის მასწავლებელმა, ბევრი რამ ვისწავლე. თემები აფხაზეთზე საინტერესოდ არის შერჩეული. აქ არა მხოლოდ მის გუშინდელ დღეზეა საუბარი, არამედ-დღევანდელობაზეც, წინ არის წამოწეული მშვიდობისმყოფელობის თემა.
კლუბის პირველი შეხვედრა დაემთხვა ცნობილი რუსი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენას ქუთაისში. ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის კლუბების წევრი გოგონები აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში.
- აღნიშნული გამოფენა, თავისი არსით, ახლოს დგას ახალგაზრდული პროექტის მიზანთან, რადგან კულტურა დიდ გავლენას ახდენს თაობათა სამშვიდობო სულისკვეთებით ჩამოყალიბებაში, - ითქვა შეხვედრაზე. |