|
28-29 სექტემბერს, სტამბულის მშვიდობისმყოფელ ქალთა შეხვედრაზე ფონდი „სოხუმისა“ და აფხაზური ორგანიზაცია AWA-ს აქტივისტებმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს.
ტრენინგების, მრგვალი მაგიდების, ვორკშოპების ციკლი, რომლებიც ქალების, გენდერის, მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების თემას ეხებოდა, პროექტის მონაწილეების შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც უშუალოდ პროექტში ჩართული ქალებისა და გოგონებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც შეხება ჰქონდა საპროექტო ღონისძიებებთან. ქალებმა არა მხოლოდ მიიღეს ინფორმაცია, არამედ ისწავლეს პრობლემების იდენტიფიცირება, შეძლეს რამდენიმე საკითხის ადვოკატირება.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დაინახეს ადამიანური უსაფრთხოების, კერძოდ - გენდერული უსაფრთხოების საკითხების სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანის მნიშვნელობა და სამოქალაქო ჯგუფებისა და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურის, მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონსოლიდაციის მნიშვნელობა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის უზრუნველსაყოფად. გამოითქვა გულწრფელი სურვილი პროექტის გაგრძელებისა, რათა მოხდეს იმ ჯგუფების გაძლიერება, რომელთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში სერიოზული გარღვევებია, განხორციელდეს თანამშრომლობა სტრუქტურებთან, რომელთაც ხელეწიფებათ არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შეცვლა.
შეხვედრას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა ორივე ორგანიზაციის ძალისხმევა, უფრო აქტიური გახადოს მათი თემის ქალები და გოგონები საკუთარი უფლებების დასაცავად, სტაბილური მშვიდობის დასამკვიდრებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|