|
„რა დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ ერთეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოჯახში ძალადობის პრობლემას ვერაფერს უშველიან, თუ მთელი საზოგადოება არ იქნა დარაზმული".
„თუ ბიუროკრატიული არა - მოუქნელი ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ კანონს, რადგან ძალიან გართულებულია პროცედურები საიმისოდ, რომ მსხვერპლი თავშესაფარში მოხვდეს".
„იქნებ გაითვალისწინონ სოციალურ საცხოვრისებში ძალადობის მსხვერპლის ოჯახებისთვის ფართის გამოყოფის საკითხი".
„კანონი უნდა ავალდებულებდეს ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმაროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, და არა - კეთილი ნება".
„უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ინფორმირებულობას, ამ საკითხებში სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორის ერთიანობას".
„ძალადობისაგან ბავშვების დაცვის საკითხში უნდა ითანამშრომლოს რესურს ცენტრმა, სოციალურმა სამსახურმა, პოლიციამ, სკოლებმა, რაც ყოველთვის არ ხორციელდება".
„პრობლემას ქმნის კადრების დენადობა პოლიციაში, როცა გადამზადებული კადრების დეფიციტი იქმნება".
„ჯერ კიდევ მტკივნეული რჩება მოზარდებისა და ტოტალიზატორების თემა".
...კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, სამართალდამცავი სტრუქტურების, სოციალური სამსახურების, დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მონაწილეთა შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ის სამომავლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისა და ძალადობის პრევენციის კუთხით არსებული სიტუაციის გამოსწორებას და საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დისკუსიები მსგავს საკითხებზე. ასევე - დიდი როლი ენიჭება სამოქალაქო კამპანიებს, რომლითაც ხდება ყველა კეთილი ნების ადამიანის კონსოლიდაცია. |
|
|
ღონისძიებაზე მოწვეულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,
იურისტებმა, სოციალური სამსახურის, არასამთავრობო სექტორისა და საგანმანათლებლო სფეროს
წარმომადგენლები, ახალგაზრდები შეთანხმდნენ
იმაზე, რომ არაეფექტურია, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ამოვარდნილია მსხვერპლის დაცვის,
ან მისთვის სტატუსის მინიჭების ღონისძიებებიდან, რადგან მათ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ ოჯახში
არსებული სიტუაციის შესახებ.
6 დეკემბერს ქუთაისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე მოხდა
შეფასება, როგორ ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვა, როგორ ხდება რეფერალური მექანიზმების სუბიექტებს შორის კოორდინაცია
და ინფორმაციის გაცვლა, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძალადობის პრევენციისა
და დაზარალებულის დაცვის კუთხით.
როდის ხდება სოციალური სააგენტოს ჩართვა ძალადობის აღმოფხვრაში,
რა მოვალეობები ეკისრება სკოლებს, საავადმყოფოებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს, სხვა
სუბიქტებს. ითქვა, რომ სისტემა განსაზღვრულია, არსებობს რეფერირების დოკუმენტები, მაგრამ
- ყველას მიერ აღიარებულია კოორდინაციის პრობლემა. ეს არაერთმა მოყვანილმა მაგალითმაც
ცხადყო.
საუბარი შეეხო თავშესაფრების საკითხს, ითქვა, რომ აუცილებლად
უნდა გამოიძებნოს რესურსი მათი ტაოდენობის გაზრდისათვის. ფსიქოლოგიური სამსახურის პოპულარიზაციისა
და სკოლაში არა მარტო ფსიქოლოგის შტატის დაბრუნების, არამედ სოციალური პედაგოგის დანერგვის
საკითხს.
მონაწილეებმა საჭიროდ მიიჩნიეს ადგილზე საკოორდინაციო
რგოლის შექმნის აუცილებლობა, რომელიც უწყებათაშორის კომუნიკაციას დაარეგულირებს და
ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებას და არსებული სიტუაციის გამოსწორების
პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას მოემსახურება. ამ საქმეში უპირატესი როლი
არასამთავრობო სექტორს მიენიჭა.
|
|
|
ახალგაზრდები ოჯახს ადრეულ ასაკში ქმნიან - 12- 14 წლისანებიც კი, - გამოკითხვის შედეგად ასე დაასკვნეს ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა და სწორედ ეს გახდა მრგვალი მაგიდის გამართვის მიზეზიც.
შეხვედრა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა. თემა აქტუალობის მიხედვით შეარჩიეს: „ოჯახი, სიყვარული, ტრადიციები - ნაადრევი ქორწინება".
ახალგაზრდა ლიდერებმა საინტერესო აუდიტორია შეკრიბეს - სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგი, სტუდენტები, მოსწავლეები.
- ძალადობრივი გარემო ოჯახში, პრობლემებიდან გაქცევის მცდელობა, ნაადრევი მომწიფება, მიგრაციაში მყოფი მშობლების სიყვარულის დეფიციტი, სწავლის მიმართ ნაკლები ინტერესი - განსაკუთრებით ამ მიზეზებზე ისაუბრეს შეკრებილებმა.
რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი - ამ თემაზე საუბრის გაგრძელებაა სკოლებში, მოზარდებში, ფეისბუკზე - რომ თავად ახალგაზრდებმა განსაზღვრონ ნაადრევი ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მრგვალი მაგიდა მიეძღვნა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ". |
|
|
„ძალადობის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებამდე მოვა, მერე სახლში, მოძალადესთან არ ექნება მისაბრუნებელი".
„ყოველ რეგიონში თითო თავშესაფარი მაინც უნდა იყოს, რადგანაც ადამიანები, რომელთაც აქვთ ამის საჭიროება, ვერ ახერხებენ თავშესაფარში მოხვედრას".
„მოძალადემ უნდა იგრძნოს, რომ კანონი მკაცრია და ძალადობის ფაქტის შემთხვევაში ის აუცილებლად დაისჯება".
„სოციალური მუშაკის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს. სამწუხაროდ, ბევრი ის კადრი, რომელიც თავის დროზე იქნა გადამზადებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არ არის გამოყენებული".
„ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირად არსებობს შესაბამისი პოლიტიკა ძალადობის მსხვერპლის დასახმარებლად, მაგრამ ის, რომ შესაბამისად, კანონით არ არის განსაზღვრული მისი პასუხისმგებლობის სფერო, მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს".
„ყველაზე მეტად პედაგოგისთვის არის თვალსაჩინო ძალადობრივი გარემო. სკოლაში ფსიქოლოგის ინსტიტუტი უნდა დაინერგოს".
ეს არასრული ჩამონათვალია იმ წინადადებებისა და რეკომენდაციებისა, რომელიც ფოთში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გაჟღერდა.
ღონისძიება 3 დეკემბერს, ფოთში, ფონდი „სოხუმის" კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მას ადგილობრივი ხელისუფლების, სამართალდამცავი სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ადგილობრივმა ტელეკომპანია „მეცხრე ტალღამ" გააშუქა. |
|
|
რამდენად ეფექტურია ის სამართლებრივი და სოციალური მექანიზმები, რომლებიც სადღეისოდ არსებობს ძალადობის მსხვერპლის დახმარების კუთხით, როგორ ახერხებს ის იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას; როგორია კოორდინაცია იმ ინსტიტუტებს შორის, რომელთაც ევალებათ რეაგირება და ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა; რა უნდა შეიცვალოს პრობლემის მოგვარებაზე უფრო ეფექტური რეაგირებისათვის?
წყალტუბოში, საკრებულოს სააქტო დარბაზში ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით მრგვალი მაგიდა ჩატარდა. ღონისძიებას დევნილთა ჯგუფები, ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, სამართალდამცავები, ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
დისკუსიის დროს გამოიკვეთა, რომ რაიონში სოციალური მუშაკის ინსტიტუტი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მოყვანილმა მაგალითებმა ცხადყო ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოების აუცილებლობა. „ასეთ დიდ რაიონში მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი არ უნდა იყოს". დევნილი ქალბატონები მათ თემში პრობლემის არსებობას აღიარებენ: „დევნილთა ოჯახების საჭიროებების შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან ძალადობის პრობლემა ჩვენს ირგვლივ ძალიან ხშირია".
წამოიჭრა თავშესაფრების საკითხი, რომელიც, მონაწილეთა აზრით, მეტი უნდა იყოს. საუბარი შეეხო მოხუცთა თავშესაფრებსაც, რომელში მოხვედრას წლებით ელოდებიან შეჭირვებული მოხუცები.
საინტერესო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ხელი შეეწყოს თანამშრომელთა ტრენინგებს.
ხაზი გაესვა ადგილობრივი თემის, ხელისუფლების, სოციალური ინსტიტუტების ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას პრობლემის გადაჭრის საკითხში. |
|
|
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებში- ამ თემის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, რომელიც ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეების მიერ იქნა ორგანიზებული.
მოწვეულმა პირებმა, რომელთა შორის იყვნენ ექიმები, პედაგოგები, მშობლები, იურისტები, სკოლის მოსწავლეები... ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, რადგან ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებს წარმოადგენენ.
მრგვალი მაგიდის წამყვანებმა შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე კამპანიაზე და აღნიშნეს, რომ აღნიშნული ღონისძიებით ძალადობას უპირისპირდებიან. |
|
|
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „არაძალადობრივი კულტურა საზოგადოებაში".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მშობლები. ფსიქოლოგები...
მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე. მათი თქმით, აუცილებელია საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დანერგვა, რაშიც ყველა რგოლმა, ყველა სტრუქტურამ აქტიურად უნდა იმუშაოს. |
| « 1 2 3 4 5 6 7 ... 9 10 » |