26 იანვარს, ქალაქ ფოთში, საკრებულოს საააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა, რომელზეც შეიკრიბნენ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მას-მედიის წარმომადგენელი ქალები. შეხვედრა შედგა პროექტის - "საზოგადოების ინფორმირება კვლევის "დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო განგაში” აფინანსებს. ეს პროექტის ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრა იყო.
შეხვედრის ორგანიზატორებს აქვთ მიზანი, გააცნონ მონაწილეებს ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევები და საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგები კი თვალსაჩინო გახადონ სპეციალისტებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის.
ფოთში გამართულმა შეხვედრამ ქალთა სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდებულება განსაზღვრა ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობების მიმართ.
მონაწილეთა პოზიციით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას ალტერნატივა არა აქვს, ამ გზაზე კი აუცილებელია არსებობა ხელშეკრულებისა, რომელიც განსაზღვრავს მხარეების ვალდებულებას, არ გამოიყენონ ძალა, დაიცვან ადამიანის უფლებები და ა.შ.
რა რისკებთან არის დაკავშირებული საქართველოსთვის ამ ხელშეკრულების დადება; ვინ უნდა იყვნენ მისი შესრულების გარანტები; რომელი მხარეები უნდა მოვიაზროთ მთავარ სუბიექტებად; რომელია ის პირობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიდოს ხელშეკრულებაში; რა წინადადებები, რეკომენდაციები აქვთ მათ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხში - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელთა ირგვლივ გაიმართა დისკუსიები.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |