ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის დევნილთა საცხოვრებლებზე - სამი კოლექტიური ცენტრის შესახებ მოგვითხრობს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საწარმოს კოლექტიურ ცენტრში საგანგაშო მდგომარეობაა. ფანჯრებს არა აქვს მინები, დაბზარულია ჭერი, აყრილია იატაკი. მეორე სართულზე 60 ადამიანისათვის მხოლოდ ერთი პირობითად სველი წერტილი და საპირფარეშოა.
დევნილები პრეტენზიებს გამოთქვამენ განსახლების კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით, ითხოვენ ახალ ალტერნატიულ ფართს.
მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც „რიონის“ კამერაში მოხვდა, ჭომაში მდებარეობს. ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ძირითადი პრობლემაა გადახურვა. მცხოვრებლები ითხოვენ გადახურვას თანადაფინანსებით.
სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ მესამე კოლექტიურ ცენტრში „აფხაზეთი“. აქ შენობის ჭერი ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმის დროს კი კედლები სველდება.
სიუჟეტი მომზადდა ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.
|