5 თებერვალს, „TV 25“-ის 5-საათიანი „მაცნეს“ ბლოკი „სტუმარი სტუდიაში“ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორი წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა.
გადაცემაზე საბჭოს ორწლიანი საქმიანობა შეფასდა. გამოიკვეთა კონკრეტული შედეგები, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოს თაოსნობით იქნა მიღწეული და ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
ჩატარებული კვლევები; საზოგადოებრივი დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე; საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო ჯგუფებთან; ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა ადვოკატირების მიმართულებით; ქალაქის ბიუჯეტისთვის მომზადებული წინადადებები, პროგრამები; საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან შეხვედრა - გადაცემის სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს გენდერული საბჭოს დღის წესრიგზე.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თვითმმართველობისათვის მიწოდებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტს ოჯახში ძალადობისაგან დაცვისათვის აუცილებელი ადგილობრივი ღონისძიებების თობაზე, რადგან, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ეს თემა აჭარაში გენდერულ საკითხებს შორის ყველაზე მტკივნეულია. ხაზგასმული იყო, რომ პატივისცემას იმსახურებს ადგილობრივი ხელისუფლების ორივე შტოს მზაობა თანამშრომლობისათვის, პერსონალის სათანადო ინფორმირებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ითქვა, რომ საბჭო აპირებს თვითმმართველობას დაფინანსებისათვის წარუდგინოს პროექტები, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების განვითარებას შეუწყობს ხელს; გრძელდება საქმიანობა გენდერული საჭიროებების კვლევის კუთხით; მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც საბჭოს სახელით მალე წარედგინება საკრებულოს.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|