„ძალადობის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებამდე მოვა, მერე სახლში, მოძალადესთან არ ექნება მისაბრუნებელი".
„ყოველ რეგიონში თითო თავშესაფარი მაინც უნდა იყოს, რადგანაც ადამიანები, რომელთაც აქვთ ამის საჭიროება, ვერ ახერხებენ თავშესაფარში მოხვედრას".
„მოძალადემ უნდა იგრძნოს, რომ კანონი მკაცრია და ძალადობის ფაქტის შემთხვევაში ის აუცილებლად დაისჯება".
„სოციალური მუშაკის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს. სამწუხაროდ, ბევრი ის კადრი, რომელიც თავის დროზე იქნა გადამზადებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არ არის გამოყენებული".
„ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირად არსებობს შესაბამისი პოლიტიკა ძალადობის მსხვერპლის დასახმარებლად, მაგრამ ის, რომ შესაბამისად, კანონით არ არის განსაზღვრული მისი პასუხისმგებლობის სფერო, მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს".
„ყველაზე მეტად პედაგოგისთვის არის თვალსაჩინო ძალადობრივი გარემო. სკოლაში ფსიქოლოგის ინსტიტუტი უნდა დაინერგოს".
ეს არასრული ჩამონათვალია იმ წინადადებებისა და რეკომენდაციებისა, რომელიც ფოთში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გაჟღერდა.
ღონისძიება 3 დეკემბერს, ფოთში, ფონდი „სოხუმის" კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მას ადგილობრივი ხელისუფლების, სამართალდამცავი სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ადგილობრივმა ტელეკომპანია „მეცხრე ტალღამ" გააშუქა. |