11-12 მარტს ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი წყალტუბოს ჯგუფთან ჩატარდა. მონაწილეთა დიდი ნაწილი პირველად ესწრებოდა მსგავსი ტიპის ღონისძიებას, მათთვის ახალი იყო ტრენინგის სპეციფიკა, თუმცა ამას მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. დაძაბულობა მალევე განიმუხტა და გოგონები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში.
- ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ. არასოდეს მქონია საშუალება საკუთარი აზრი გამომეთქვა ქალთა ლიდერობასთან, კონფლიქტთან, კომუნიკაციასთან დაკავშირებით. სხვა მონაწილეებსაც სიამოვნებით მოვუსმინე. ვერ წარმოვიდგენდი თუ ყველაფერი ასე საინტერესოდ ჩაივლიდა.
- მივდივარ საინტერესო ემოციით დატვირთული. ვფიქრობ, მოვახერხე საკუთარ თავის წარმოჩენა. დარწმუნებული ვარ, ამ წუთას, ტრენინგის ყველა მონაწილე ოცნებობს, რომ მოხვდეს ლიდერთა სკოლაში. რადგან ეს სკოლა საუკეთესო საშუალება იქნება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის.
ანალოგიური შეფასებები ჰქონდათ ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებსაც. ისინი მზად არიან საშინაო დავალების შესასრულებლად: ოთხი დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესსე - „მინდა გავხდე ლიდერი, იმიტომ რომ...".
აღნიშნული დავალება კიდევ ერთხელ გამოკვეთავს მათ მოტივაციას, მიზანს, რატომ სურთ ისწავლონ ლიდერთა სკოლაში.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |