11 თებერვალს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით მორიგი ტელეგადაცემა გავიდა.
გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდის თანათავმჯდომარე, პროექტების ასისტენტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტები და ფონდის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის საკრებულოების სოციალური პროგრამების მონიტორინგს ახორციელებენ.
გადაცემა ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტით დაიწყო, რის შემდეგაც ტელემაყურებელს მიეწოდა ინფორმაცია - რა ეტაპზეა საერთაშორისო ორგანიზაცია NED -ის მიერ დაფინანსებული პროექტით განსაზღვრული მუშაობა; რა სტრატეგიით მუშაობენ ამომრჩეველ ქალთა კლუბები; რომელ საკითხებში იგეგმება თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან; რა სტადიაშია ფონდის საკანონმდებლო ინიციატივის (600 ლარიანი სახელმწიფო დახმარება ყველა მშობიარე ქალზე) ადვოკატირებისა და ლობირების საკითხი.
გადაცემაში გაჟღერდა საინტერესო ინფორმაციები ქალთა საკითხების ლობირების საერთაშორისო გამოცდილების ირგვლივ.
როგორც გადაცემაზე ითქვა, ამომრჩეველ ქალთა კლუბებსა და საკრებულოებს შორის ინფორმაციების სისტემატიური გაცვლა მათ თანამშრომლობას მეტ პროდუქტიულობას ანიჭებს. ამის კარგი მაგალითები უკვე არსებობს ოზურგეთში, ხობში, როდესაც საკრებულოების მხრიდან ხდება კლუბის წევრების ინიციატივების წახალისება.
ფონდის მუშაობის საინტერესო ეტაპია ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც აქტიურ დევნილ ქალებს საშუალებას აძლევს, ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკისა და პროგრამების ანალიზი განახორციელოს. „დასამალი არ არის, რომ დევნილები ხშირად საერთო სოციალური კონტექსტიდან ამოვარდნილი ვართ. ამიტომ ეს პროექტი ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის. უპირველესად ჩვენი სოციალური ღირებულების განცდა დაგვიბრუნდა", - ეს სიტყვები პროექტის მონაწილე ქალბატონებს ეკუთვნით.
გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გაცხადდა ფონდის პოლიტიკა - ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან პარტიებში ქალთა პოზიციების მხარდაჭერის მიზნით. |