23 სექტემბერს "რიონის” ტელეეთერში გადაცემათა ციკლის "ქალი და პოლიტიკა” -ბოლო გადაცემა გავიდა.
სტუდიაში ფონდის პროექტის ასისტენტები, იმერეთის რეგიონის ქალთა კლუბების ლიდერები, ჟურნალისტები, ასევე საკრებულოს წარმომადგენელი ქალბატონები შეიკრიბნენ.
გადაცემის დასაწყისში ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი გავიდა, რის შემდეგაც სტუდიაში შეკრებილებმა ბევრ საინტერესო კითხვას გასცეს პასუხი.
გადაცემაზე შეჯამდა წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობა, გაეცა პასუხი კითხვებს - რა იყო დაგეგმილი პროექტით? რა სახის მუშაობა განხორციელდა? რამდენად შეიძლება დაკმაყოფილება მიღებული შედეგებით? რა დაგვრჩა გასაკეთებელი და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში?
ითქვა, რომ პროექტის გასული ეტაპი დაემთხვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა მუშაობის ვექტორები - ამომრჩეველ ქალთა ლიგის გააქტიურება, ქალი კანდიდატების მხარდაჭერა, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა. შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გასული არჩევნების შემდეგ საკრებულოებში ქალთა კლუბის 5 წევრი იქნა არჩეული.
საინტერესო იყო ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალბატონის მოსაზრება, რომ "გენდერული ყინული აუცილებლად უნდა გალღვეს”. მისივე აღნიშვნით, ძალიან ბევრს აძლევს თანამშრომლობა ფონდთან, განსაკუთრებით სხვა საკრებულოების წევრ ქალბატონებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.
როგორც აღმოჩნდა, ფარ-ხმალს არც ის ქალბატონები ყრიან, რომლებმაც ამ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწიეს: "ეს ჩვენთვის საუკეთესო გამოცდილება იყო, ხალხთან ურთიერთობის პრაქტიკა, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ!”
როგორც გადაცემაზე ითქვა, პროექტის მომდევნო ეტაპი ქალთა კლუბების გაძლიერებას, მათ მუშაობაში დევნილი ქალბატონების მეტ ჩართვას, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშროლობას და ქალთა პრობლემების ადვოკატირებასა და ლობირებას დაეთმობა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |