ჟურნალის ამ ნომერში ფონდი „სოხუმის" საქმიანობის რამდენიმე შეფასება დაიბეჭდა:
„ოჯახში ძალადობა არის პრობლემა, რომელზეც ჩვენ კარგა ხანია ფონდ „სოხუმთან" ერთად ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რა ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია ადამიანის ცხოვრებაში", - ილონკა ბოლტზე (ორგანიზაცია EED-ის კოორდინატორი ბალკანეთსა და კავკასიაში).
"ბევრია გაკეთებული, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ და აკეთებთ ქალებისათვის", - მაიკლ კრონენბერგი (ორგანიზაცია EED-ის ფინანსური დირექტორი).
„ჩემთვის პრესტიჟული იყო ათი დღის განმავლობაში ფონდი „სოხუმის" პერსონალთან მუშაობა", - ჯონ ბიუკლერკი (საერთაშორისო შემფასებელი დიდი ბრიტანეთიდან).
ჟურნალი კიდევ ერთი დასტურია „ბევრი გაკეთებულის" - სტატიებში წარმოდგენილია ფონდის მუშაობა ოჯახსა და საზოგადოებაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ანუ ცვლილებები ქალთა ცხოვრებაში, გავლენა კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული აქტივობებით: ტრენინგი თუ იურისტის კონსულტაცია, გინეკოლოგთან შეხვედრა თუ ცენტრალურ პარკში ჩატარებული ფორუმ-თეატრი, ჟურნალისტების მონაწილეობით გამართული ტელეგადაცემა თუ დებატები ნაადრევი ქორწინების თემაზე, დევნილთა განსახლების კუთხით წარმართული მუშაობა თუ რადიოგადაცემებში ასახული პრობლემები, ლეჩხუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა თუ საერთაშორისო კამპანია „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ".
როგორც ყველა გამოცემაში, ამ ნომერშიც დაიბეჭდა ძალადობის მსხვერპლ ქალთა გულისტკივილი და, რა თქმა უნდა, აისახა ქალთა სიმამაცე, სიძლიერე და თანადგომა.
ახალგაზრდულინომერი - ასე შეიძლება ეწოდოს ჟურნალ „ქალთა ხმას".ფონდი „სოხუმის" სამშვიდობო საქმიანობა ახალგაზრდული გახდა და ახალგაზრდული სული იგრძნობა ჟურნალის ფურცლებზეც - სტატიები ლიდერთა სკოლის წინა გამოშვების კურსდამთავრებულებზე, ცვლილებებზე მათ ცხოვრებაში, ახალი ნაკადის შესარჩევ ტრენინგებზე... ფოტოსურათებიდანაც ლამაზი, სიცოცხლით სავსე თვალები იმზირებიან...
ჟურნალის რამდენიმე გვერდი ეთმობა უფროსი თაობის გამოცდილებასაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია გოგონებისათვის.
განსაკუთრებით საინტერესოა ბოსნია და ჰერცეგოვინაში დაწერილი დღიური, რომლის ავტორია ფონდის „სოხუმის" თავმჯდომარე, გამოცდილი მშვიდობისმყოფელი ალლა გამახარია...
ჟურნალის პირველ ნომერს მკითხველი ინტერესით გაეცნობა. წლის ბოლომდე კიდევ ერთი ნომერი გამოვა...
სტამბიდან გამოვიდა და ვრცელდება ჟურნალ „ქალთა ხმის" მეორე ნომერი. მისი მთავარი თემაა ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის ერთობლივი ფორუმი „ოჯახში ძალადობის პრევენცია - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა".
რაკი ფორუმი 8 მარტისმეასე წლისთავს მიეძღვნა, ჟურნალის პირველი სტატია სწორედ ამ დღესასწაულზე უამბობს მკითხველს (თარიღს საფუძველი დაუდო 1875 წლის ქალთა დემონსტრაციამ - იმ ქალთა საპროტესტო გამოსვლამ, რომლებიც 16 საათს მუშაობდნენ და მამაკაცებზე ნაკლებ გასამრჯელოს იღებდნენ. 1911 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.)
100 წლის შემდეგაც უწევთ ქალებს საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და განსაკუთრებით - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.ეს პროტესტიჟურნალ „ქალთა ხმის" ყველა გვერდზე იგრძნობა.
ყოველთვიურ შეხვედრებზე ამომრჩეველ ქალთა კლუბებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი) განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იგრძნობა თანაქალაქელების წინაშე, რადგან კლუბის წევრებს შეუძლიათ პრობლემების ადვოკატირება და ლობირება.
საკრებულოს წევრი ქალბატონები კლუბებშიც არიან გაწევრიანებულნი და ეს ბევრად უფრო აადვილებს თანამშრომლობას საკრებულოებთან.
ჟურნალის ამ ნომერში სწორედ ამ თანამშრომლობაზე გიამბობთ.
ახალი წლიდან კვლავ გაგრძელდა ჟურნალ "ქალთა ხმის" გამოცემა.
გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი, რომელმაც შეაჯამა გასულ წელს ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით წარმართული კომპლექსური მუშაობა - ტრენინგები, შეხვედრები, ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაციები, ფორუმ-თეატრი, გინეკოლოგის მუშაობა, ექსპერტთა ჯგუფის მუშაობა, საინფორმაციო მუშაობა, ანკეტირება ძალადობის პრობლემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გამოსავლენად.
ეს ყველაფერი და მათ შორის ჟურნალის გამოცემაც საიმისოდაა, რომ ქალები უფრო აქტიურები და ძლიერები გახდნენ, ოჯახებში კი ჰარმონიამ დაისადგუროს...