2010 წლის 6-8 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და საქართველოს მშვიდობისმყოფელ ქალთა შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რუსეთისა და საქართველოს დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა.
ადრე, 2009 წლის დეკემბერში, თბილისში შეხვედრის დროს ეს ქალები გაერთიანდნენ რუსულ-ქართულ ალიანსში, რომელმაც, 2008 წლის ომის შედეგად დარღვეული დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად, მიზნად დაისახა ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენა.
ალიანსის მონაწილეთა უმთავრესი სურვილია, არ დაიკარგოს ის კარგი, რაც იყო და არის რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ურთიერთობაში. ეს, უპირველესად, წმინდა ადამიანურ კავშირებსა და კულტურათა ურთიერთმიმართებას ეხება.
დიალოგის დაწყების ინიციატორები არიან: საქართველოს ქალთა ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" ალლა გამახარიას ხელმძღვანელობით და რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" ვალენტინა ჩერევატენკოს ხელმძღვანელობით.
მოსკოვში ყოფნის დროს ალიანსის მონაწილენი შეხვდნენ ქალთა და უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცნობილ ბავშვთა ექიმსა და მშვიდობისმყოფელს ლეონიდ როშალს, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრს, ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
ალიანსათან შეხვედრის დროს რუსეთის ცნობილმა უფლებათა დამცველებმა ვალენტინ გეფტერმა და სვეტლანა განუშკინამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთში ვერ დამკვიდრდა ქართველის, როგორც მტრის, ხატი და ეს დამატებით იმედს იძლევა საიმისოდ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ურთიერთობა გაუმჯობესდება. ამ შეხვედრების დროს მშვიდობისმყოფელმა ქალებმა თვალნათლივ დაინახეს მონაწილეთა გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყონ რუსეთისა და საქართველოს მცხოვრებთ შორის ურთიერთობების მოგვარებას.
რუსეთისა და საქართველოს მშვიდობისმყოფელი ქალები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც მშვიდობის დესპანებად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას ორივე ქვეყანაში. იგეგმება - ერთობლივი კვლევების, გამოფენების ჩატარება, ჟურნალისტთა გაცვლა, დოკუმენტური კინოს ფესტივალის მოწყობა, ჰუმანიტარული აქციები ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. ამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობას საფუძველი უკვე აქვს. ალიანსის მუშაობის შედეგად თბილისში მოეწყო რუსეთის ჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენა „ომის აპოთეოზი", რომელიც საომარი კონფლიქტების მსხვერპლთ მიეძღვნა, ქართულ ენაზე ითარგმნა ელვირა გორიუხინას წიგნი „მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში". |