ფონდ „სოხუმში" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. სამდღიანი ტრენინგის თემა იყო - ლიდერობა და კონფლიქტი. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ეს უკვე მეორე ტრენინგია. პირველი დღე საშინაო დავალების განხილვას მიეძღვნა. დავალება ასეთი იყო: მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინათ ორი სახის კვლევა თავიანთ ქალაქებში: რაოდენობრივი (ანკეტირება ახალგაზრდებთან) და თვისობრი (ხუთი ჩაღრმავებული ინტერვიუ ლიდერ ქალებთან).
მონაწილეები ჯგუფური მუშაობით შეეცადნენ გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი რა მდგომარეობაა საკუთარ ქალაქებში ქალთა ლიდერობის თვალსაზრისით, რა აზრის არიან ახალგაზრდები ამ საკითხების მიმართ.
სოციალური კონფლიქტები, კონფლიქტის პიროვნული ელემენტები, დინამიკა, მართვა, კონფლიქტის ანალიზი - გოგონები დანარჩენი ორი დღე ამ მიმართულებით მუშაობდნენ. ტრენინგზე გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები, როლური თამაშები.
მონაწილეები თვლიან, რომ ტრენინგებმა მათში ბევრი რამ შეცვალა:
- ჩემი ახლობლები ამჩნევენ, რომ შევიცვალე, უფრო თამამი და დამოუკიდებელი გავხდი.
- როცა ბევრი პრობლემები მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები: შენ უნდა შეძლო პრობლემების მოგვარება - შენ ეს შეგიძლია.
ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა მომდევნო დავალება მიიღეს, თითოეულმა მათგანმა თითო ვორკშოპი უნდა ჩაატაროს თავის ქალაქში, თემაზე: ლიდერობა და კონფლიქტი.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |