თბილისში, სასტუმრო „რედისონ ივერიაში" ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მომავლის ხედვა - იგპ-თა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლება".
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ და მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (დანიის ლტოლვილთა საბჭო, ევროკავშირი, შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი).
კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, დევნილები სხვადასხვა რეგიონებიდან. ფონდ „სოხუმს" წარმოადგენდა ორგანიზაციის თანათავმჯდომარე, ქალბატონი მერი გელაშვილი.
პლენარული სხდომა დაიწყო ვალერი კოპალეიშვილის (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი) გამოსვლით, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების 2009 წლის მიღწევებზე.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას. მონაწილეებმა 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლებაზე იმუშავეს. პრეზენტაციის შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები მომავალი წლის სამოქმედო გეგმისათვის, რომლებიც ეხებოდა იგპ-თა ინფორმირებულობის გაზრდას სამართლებრივი საკითხების გადაჭრას, იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კონფერენცია დასრულდა დანიის სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრით. |