ბათუმში უფასო ხელობის კურსები გაიხსნა უნარშეზღუდული ბავშვებისათვის, ხონში გაზიფიცირების პრობლემა მოგვარდა, ზუგდიდში ავადმყოფს დაეხმარნენ ძვირადღირებული მედიკამენტით, ავარიული ხიდები შეკეთდა სენაკის ერთ-ერთ უბანში...
ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომლებიც ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა მოაგვარეს საპროექტო წლის განმავლობაში.
თავიანთი გაკეთებული საქმეები გაიხსენეს 8 ქალაქის და 4 სოფლის ამომრჩეველ ქალთა კლუბების მოდერატორებმა, რომლებიც მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ ფონდ „სოხუმში". მათ წარმატებული ადვოკატირების მაგალითები მოიყვანეს. ითქვა, რომ წლის განმავლობაში თითოეულმა კლუბმა 4-5 ადგილობრივი პრობლემა მოაგვარა.
კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. პროექტმა ხელი შეუწყო ქალთა გააქტიურებას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.
შეხვედრის დასასრულს კლუბის მოდერატორებს გადაეცათ სერთიფიკატები - მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის სამოქალაქო აქტივიზმის, ადვოკატირების, ქალთა პოლიტიკური აქტივობის ამაღლებისა და საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
(NED) მხარდაჭერით (აშშ) |