13 აპრილს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით მორიგი ტელეგადაცემა გავიდა.
გადაცემის სტუმრები ფონდის ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულები, წარმატებული ახალგაზრდა ქალები, ფონდის ასისტენტები იყვნენ.
როგორ დაიბადა „ლიდერთა სკოლის" იდეა, რას მოიაზრებს სასწავლო კურსი, რა მოლოდინები იყო ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან; თუ გაამართლა სკოლამ და რას გეგმავს ორგანიზაცია შემდეგისთვის; როგორ აპირებენ გოგონები მიღებული უნარების გამოყენებას, რას აპირებენ სამომავლოდ. ამ კითხვებს პასუხი გადაცემის განმავლობაში გაეცა. მანამდე კი მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი ლიდერთა სკოლის შესახებ.
ფონდის ასისტენტებმა ისაუბრეს, როგორ ხდებოდა შერჩევა, რა პრინციპით მუშაობდა სკოლა.
თვითონ გოგონების აღნიშვნით, ინტერაქტიული სწავლება, როცა ერთმანეთს ენაცვლებოდა თეორია და პრაქტიკა, ძალიან დაეხმარათ შესაბამისი უნარების მიღებაში. „ჩვენ ძალიან აქტიურად ჩაგვრთო ფონდმა თავის საქმიანობაში, საშუალება მოგვცა, დამოუკიდებლად ჩაგვეტარებინა მრგვალი მაგიდები, ვორკ-შოპები, შეხვედრები, გვემუშავა პროექტებზე, აქტიურად ჩავერთეთ საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში”...
„ფონდმა დიდი ნდობა გამომიცხადა. მე ახლა ერთერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ვარ ჩართული"...
„ჩემი მეგობარი იყო ამ სკოლაში და კეთილი შურით ვუმზერდი მის წინსვლას. ახლა მეც გავიარე შესარჩევი ტრენინგი"...
„აღფრთოვანებული ვარ გოგონებით, მიხარია, რომ ფონდი „სოხუმი" აძლევს მათ ამ შესაძლებლობას. დარწუნებული ვარ, ასეთი გოგონების სიმრავლე ძალიან შეუწყობს ხელს არსებული გენდერული სურათის უკეთესობისკენ შეცვლას", - ეს კომენტარი ადგილობრივი ხელისუფლების ახალგაზრდა წარმომადგენელმა გააკეთა, რომელმაც ამასთანავე საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრა. |