თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში " სამდღიანი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „იგპ-თა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებები". ღონისძიება მიზნად ისახავდა იგპ-თა მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებას და ამ ინფორმაციის დევნილებისთვის მიწოდებას.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, ევროკავშირის მხარდაჭერით.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, საჯარო პრეზენტაციები, იგპ-თა წარმომადგენლებისა და დარგობრივ სამინისტროებს შორის საინფორმაციო შეხვედრები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები მერი გელაშვილი, ლარისა შენგელია, აგრეთვე იმერეთის რეგიონის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა წარმომადგენლები.
ამავე დღეს ჩატარდა ცენტრალური ქსელური შეხვედრა ევროკომისიის, SIDA-ს, DRC -ის მიერ პარტნიორულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. დევნილებს სამეგრელოდან, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, თბილისიდან საშუალება მიეცათ კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე. |