|
„ძალიან მიხარია, რომ ეს პრობლემა წამოჭერით. თითქოს ჩვენს ოჯახებში ხდება ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვუსმენთ. საწყენია, რომ მოხუცებს უდიერად ვეპყრობით, ეს ხომ ჩვენი ტრადიციებისთვის ძალიან უცხოა!"
„სცენის ნახვისას სურვილი გამიჩნდა, ყველა ჩემს თანატოლს მოვუწოდო, მოვეფეროთ ბებიებს, ისინი ხომ ყოველთვის არ გვეყოლებიან?!"
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გადაცემისათვის. ძალიან აქტუალური თემები გაქვთ აღებული სადისკუსიოდ. ჩვენს საზოგადოებს სჭირდება ყველაფერ ამაზე დაფიქრება!’’
„სამწუხაროდ, ჩვენი ახლობლები ლუკმაპურის შოვნაზე არიან გაფაციცებულნი და არ უკვირდებიან ბავშვის ფსიქიკას, არ ეძებენ მიზეზს, რატომ არის ის აგრესიული, გაღიზიანებული".
„გულში მომხვდა ნანახი სცენები, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში სხვების ჩარევას სიკეთე არ მოაქვს"...
„რიონის" პირდაპირ ეთერში გასულ ტელეგადაცემაში ფონდის ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრმა პირდაპირ ეთერში გაითამაშა სცენები, რომლებიც დიდი ხანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დისკუსიებისკენ უბიძგებს, რადგან, როგორც გადაცემაზე ითქვა, „ავის და კარგის გარჩევა ემოციით უფრო ადვილია. შეიძლება, მოვისმინოთ, ინტერნეტში სტატისტიკას გავეცნოთ, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობების მიერ ასეთი ოსტატობით გათამაშებული ადამიანური დრამები ჩვენში ჯანსაღ პროტესტს აღძრავენ ძალადობის მიმართ".
როგორც აღმოჩნდა, საეთერო დრო არ ეყო ადამიანური ემოციების გამოხატვას. ტელევიზიის, ფონდის მისამართით განუწყვეტლივ ისმის გამოხმაურებები, თხოვნა, საშუალება მიეცეთ, კიდევ შეხვდნენ ფორუმ თეატრს, მეტი ახალგაზრდობა ჩართონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რათა ამით ხელი შეეწყოს ძალადობის თავიდან არიდებას, გულისხმიერ ადამიანურ ურთიერთობებს.
პროექტი ხორციელდება ფონდი SOROS-ის მხარდაჭერით |