ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებულ კოლექტიურ ცენტრებში ფსიქოლოგთან 5 ჯგუფური შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრებს 18-დან 58-წლამდე ასაკის 59 ქალი ესწრებოდა.
შეხვედრების თემა იყო „აგრესიული ბავშვები", ხოლო მიზანი - გარკვევა იმისა, თუ რატომ არის ჩვენს ირგვლივ ამდენი აგრესიული ბავშვი და როგორ შეიძლება ამ მოვლენის თავიდან აცილება.
„შვილს ხშირად ვუთითებ, შეწყვიტოს აგრესიული თამაშები. ის შენიშვნის შემდეგ კიდევ უფრო იკეტება საკუთარ თავში. როგორ მოვიქცე?"
შეხვედრის მონაწილე ქალბატონის შეკითხვაზე ფსიქოლოგის პასუხი ასეთია: „მინდა ვურჩიო ყველა მშობელს, როცა ბავშვების აგრესიულობას ვაწყდებით, ყურადღება მივაქციოთ შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან საკუთარი ქცევის მოდელს. შევეცადოთ, შვილებს კარგი პირადი მაგალითი მივცეთ."
შეხვედრის მონაწილეებთან მსჯელობისას გამოიკვეთა აზრი, რომ ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, ურთიერთობის უნარით, რომლებიც მოზარდებს ოჯახში უყალიბდებათ. ფსიქოლოგმა ქალბატონებს აუხსნა: „მცირეწლოვან ბავშვებში აგრესიის გამოვლენას მშობლები მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან ის თვალშისაცემი არ არის. ასევე ძალიან დიდია მასმედიისა და იტერნეტის - სხვადასხვა სახის აგრესიული თამაშების გავლენა. ასეთი თამაშები თანაგრძნობის ხარისხს აქვეითებს, რის შედეგადაც მოზარდებში ემოციური და მორალური თვისებების დეფიციტი იჩენს თავს".
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |