ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემა ლობის ინსტიტუტსა და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე მოუთხრობდა მსმენელებს. საინტერესო პარალელები საერთაშორისო გამოცდილების კუთხით, საქართველოში ამ ინსტიტუტის ნაკლები პოპულარობის მიზეზები, მეთოდოლოგია, ლობირების კამპანიის ეტაპები და ეფექტურობა - გადაცემის მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ სპეციალისტების ინფორმაციები, გაცნობოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველ მცდელობებს სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების კუთხით.
„მე დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სახით ჩემს თანამოქალაქეს „თავისი კაცი" ეგულებოდეს საკრებულოში, რომლისგანაც ელოდება გამოხმაურებას ყველა საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხზე". - ასეთი პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს ერთერთმა წევრმა.
„სამწუხაროდ, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ დონორების მოსაზიდად ირჩევს ამ მიმართულებას.ამის ფონზე მივესალმებით ფონდი „სოხუმის" ძალიან დიდ ძალისხმევას, რომელიც ყველა დონეზე ეწევა ამ მიმართულებით მუშაობას. ის, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, „ხელშესახები შედეგები ჯერ არა აქვთ", ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ არსებობს პრეცენდენტი, კარგი მაგალითი სხვებისთვის, პირველ რიგში ქალთა ჯგუფებისთვის, რომელთაც უნდა გაუწიონ ადვოკატირება და შემდგომ ლობირება საკუთარ და არა მარტო საკუთარ პრობლემებს". - ითქვა გადაცემაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)