10 დეკემბერს, ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ფონდის მეორე გადაცემა
გავიდა ციკლიდან - „მშვიდობა - შინ, მშვიდობა -
გარეთ". გადაცემამ ორგანიზაციის საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეაჯამა.
როგორი რეზონანსი ჰქონდა საინფორმაციო კამპანიას; რა სიტუაცია აჩვენა
ჩატარებულმა კვლევებმა, საინფორმაციო შეხვედრებმა, საზოგადოებრივმა დისკუსიებმა,
რომელთა თემები პირდაპირ ეხმიანებოდა კამპანიის სულისკვეთებას; რამდენად
პროდუქტიული იყო სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან თანამშრომლობა; როგორ იყვნენ
ჩართულნი კამპანიის მიმდინარეობაში სახელისუფლებო რგოლები, მედიასაშუალებები -
ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს
ტელეგადაცემის მონაწილეებმა, რომელთა შორის ფონდის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ
საზოგადოების წარმომადგენლები, ხონისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფონდის მიერ გამართულ სამოქალაქო
ფორუმს, რომელმაც 9 დეკემბერს, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი
საკანონმდებლო და აღმასრულებლი
ხელისუფლების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის
მონაწილეობით განსაზღვრა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციასა და
ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის ფორმები
და არასამთავრობო სექტორთან, სხვა ადგილობრივ ინსტიტუტთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
„მისასალმებელია, რომ ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში
მიმდინარე განხილვების პარალელურად ადგილობრივ ხელისუფლებაში ხდება ძალადობის
აღკვეთის საკითხში შესაბამისი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვის გაცნობიერება, რამეთუ - კანონის არსებობა „მწვანე შუქის" ანთება კი
არის, მაგრამ ადგილებზე სწორი და
პრობლემაზე მორგებული მიდგომების, შესაბამისი რესურსების გამოძებნის გარეშე
შეუძლებელია პრობლემის რეალური მოგვარება", - ითქვა გადაცემაზე.
16–დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის" აქტიურ
ჩართვას მიეძღვნა რადიო „რიონის" გადაცემაც, რომელიც ბევრ საინტერესო და აქტუალურ
საკითხს შეეხო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die
Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |