ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ჩაატარა დებატები „ქალაქის ბიუჯეტი და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“. სტუდენტებს მიეწოდათ ზოგადი ინფორმაცია ქალაქის ბიუჯეტის შესახებ, რის შედეგადაც წარმოდგენა გაუჩნდათ, თუ რა სახის მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეთ ქალაქის მერიისგან და საკრებულოსგან. მათი თქმით, სტუდენტებს აქვთ გარკვეული ინიციატივები და მათ მხარდაჭერას წლობით ელოდებიან, ხოლო ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების იშვიათი ფაქტები სმენიათ.
დებატების დასასრულს მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას და არასამთავრობო სექტორისა და ახალგაზრდული ქსელის მხარდაჭერის იმედი გამოთქვეს.
17 სექტემბერს ფოთის ახალგაზრდულმა ცენტრმა მორიგ დებატებს უმასპინძლა. თემა, რომელიც ლიდერებმა ქსელური დებატებისთვის აირჩიეს, მეტად აქტუალური აღმოჩნდა. მსოფლიოს ცხელი წერტილები და საქართველო, შიდა კონფლიქტები და დაკარგული ტერიტორიები - ამ თემებზე ახალგაზრდები გულისტკივილით და მომავლის იმედით საუბრობენ.
-მე აფხაზეთიდან ვარ და იქ დაბრუნება ჩემი დიდი ოცნებაა.
-ძალიან ცუდია, როცა ქვეყნის საქმეში მესამე ძალა ერევა. უნდა შევინარჩუნოთ ეროვნულობა და მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.
ახალგაზრდები თამამად აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს და ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
„ხურჩაში მშვიდობას სულ სხვა ფასი აქვს და სხვანაირად განიცდი, სხვანაირი გრძნობები გიჩნდება.“
„შეუძლებელია თვალი არ მიადევნო, რა ხდება მსოფლიოში, რადგან კონფლიქტები ელვისებურად ვითარდება და, გინდა თუ არ გინდა, პარალელს საქართველოსთან ავლებ.“
„ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ინტერესის სფეროც არის, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რა გავლენას იქონიებს მსოფლიო მხარდაჭერა რუსეთზე.“
ასეთი ემოციები ჰქონდათ ახალგაზრდებს ხურჩაში გამართულ დებატ-კლუბზე, სადაც განხილვის თემა იყო „მსოფლიოს ცხელი წერტილები და საქართველო“.
მონაწილეთა აზრით, კარგი იქნებოდა მშვიდობის თემაზე საუბრების გაგრძელება ახალგაზრდებთან. ამ წინადადების გამოძახილი იქნება „მშვიდობის გაკვეთილი“, რომელიც სოფელ კოკის სკოლაში ჩატარდება.
11 სექტემბერს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი ახალგაზრდული დებატები ჩატარდა თემაზე: „მსოფლიოს ცხელი წერტილები და საქართველო“. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სამხედრო ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე და ექსპერტი შერმადინ მიქელთაძე.
- ვივიწყებთ თუ არა ჩვენს შიდა კონფლიქტებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე? როგორ შევუნარჩუნოთ ახალგაზრდა თაობას „დაკარგული“ ტერიტორიების სიყვარული? - ამ კითხვების ირგვლივ ცხარე დისკუსია გაიმართა.
ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მუდამ იქნება საქართველოს ნაწილი და თითოეული მათგანი მზადაა, თუნდაც ერთ აგური დადოს მშვიდობის მშენებლობისათვის.
21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელი სკოლებში „მშვიდობის გაკვეთილებს“ გეგმავს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ახალგაზრდების სწრაფვას მშვიდობისკენ.
- ის, რაც ქვეყნის გარეთ ხდება, რატომღაც სხვისი გვგონია, მაგრამ კონფლიქტის ნეგატიური შედეგები იმდენად შორს მიდის, რომ ნებისმიერ ქვეყანაზე მოახდენს გავლენას, - ასეთი იყო სენაკში გამართულ დებატებში ახალგაზრდების შეფასება. მონაწილეების აზრით, მსოფლიო უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული უსაფრთხოების საკითხებით, რადგან კონფლიქტის ექო ისე ძლიერია, რომ ძალიან შორს ვრცელდება.
დისკუსიისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა უკრაინის კონფლიქტზე, მონაწილეთა დიდი ნაწილი დევნილი იყო, პარალელები გაავლეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ამ თემაზე დისკუსიები უნდა გაგრძელდეს.
ახალგაზრდული დებატ-კლუბების წევრები ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ადევნებენ. ამჯერად ისინი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით დაინტერესდნენ.
ხონში გამართულ დებატებზე ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მეზობელი ქვეყნის კონფლიქტები მასზე ყოველთვის მოახდენს გავლენას. მათი აზრით, არ შეიძლება ყველაფერს შორიდან ვადევნოთ თვალი, არ უნდა დაველოდოთ, ხელისუფლება რა დადგენილებას მიიღებს, ახალგაზრდობამ უფრო აქტიურად უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
გადაწყდა, დისკუსია პრაქტიკული ღონისძიებით გააგრძელონ. ხონის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდება „ველორბოლა - მშვიდობის მარათონი“. ამ აქციით ახალგაზრდები მხარს უჭერენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში.
რა იციან ახალგაზრდებმა მსოფლიოს „ცხელ წერტილებზე“, მათი აზრით, რა გავლენას ახდენს ქვეყნის გარეთ მიმდინარე კონფლიქტები საქართველოზე, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე - ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა პოლემიკა წყალტუბოში გამართულ ახალგაზრდულ დებატებზე.
დისკუსია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვით დაიწყო. ახალგაზრდების აზრით, ქვეყნის გარეთ მიმდინარე კონლიქტები ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება საქართველოზე, ამიტომ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება - მხარი დაუჭიროს მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას - არის ცალსახა და მკაფიო.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად აუცილებელია მსოფლიო საზოგადოების მხრიდან მეტი აქტიურობა, რათა არ გაჩნდეს ახალი „ცხელი წერტილები“ მსოფლიო რუკაზე.