ზუგდიდში მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხურჩის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა დებატები თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა - პრევენციული მექანიზმების შემუშავება“.
ძალადობის თემა სტუდენტებისთვის აქტუალური გამოდგა. დისკუსიისას გამოჩნდა, რომ მიზეზების ანალიზი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი „დამნაშავე“ ქართული ტრადიციებია. მეორე ნაწილის აზრით, ქალზე ძალადობის პრობლემები არსებობს იმ ქვეყნებშიც, სადაც მენტალიტეტი შედარებით სუსტია.
საერთო მოსაზრებით, მიზეზი არაერთია და ეს პრობლემა სახელწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს.
დებატების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ცნობიერება ადრეული ასაკიდან ყალიბდება და ძალადობის პრევენციაც ახალგაზრდების განათლებით უნდა დაიწყოს - ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.
წყალტუბოს ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატები გამართა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.
მონაწილეებმა იმსჯელეს მიზეზებზე: რატომ გაიზარდა აგრესია საზოგადოებაში, რატომ გახშირდა ქალზე ძალადობა. აღინიშნა, რომ ეს წლების განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციის ბრალია, მის გასანეიტრალებლად კი არავინ ზრუნავს.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების თითოეული წევრი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. მოძალადეს უნდა ეშინოდეს საზოგადოების რისხვის, ამისთვის აქტიური ქმედებებია საჭირო. ისაუბრეს სახელმწიფოს როლზე. განგაში მაშინ კი არ უნდა ატყდეს, როცა ტრაგედია მოხდება - ძალადობის პრევენციისთვის სერიოზული ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.
ფოთში მორიგი ახალგაზრდული დებატები ჩატარდა. შეხვედრა დებატებზე მოწვეული იყო ქ. ფოთის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მალხაზ მიქაძე. მან ყურადღებით მოისმინა ახალგაზრდების კითხვები და პრობლემები და დაპირდა თანამშრომლობას - ვაკანსიების შესახებ დროულად ინფორმაციის მიწოდებას და რამდენიმე ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან აუცილებელია და მადლობა გადაუხადეს „ფონდ“ სოხუმს ამ შესაძლებლობისთვის. თავად ბატონმა მალხაზმა აღნიშნა, რომ მომავალში ახალგაზრდებთან ხშირი და უშუალო კონტაქტი ექნება. დებატების დასასრულს მონაწილეები შეუერთდნენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციას.
- წყალტუბოში თითქმის არაფერი ხდება ახალგაზრდებისთვის საინტერესო, ჩვენ გვაქვს ბევრი ინიციატივა, მაგრამ მისი განხორციელების საშუალება არ არსებობს.
- არასოდეს ვიცით, რა ღონისძიებები აქვს ჩვენს მთავრობას დაგეგმილი, რომ ჩვენც ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა.
ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ ახალგაზრდებს წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ დებატებზე, რომელსაც ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ნემსაძე.
დებატების თემა იყო „ახალგაზრდული პროგრამები ადგილობრივ ბიუჯეტში“.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა აღნიშნა, წყალტუბოში იგეგმება ახალგაზრდული პარლამენტის შექმნა, რომელიც აქტიური ახალგაზრდებს შემოიკრებს.
ახალგაზრდებმა საკუთარ იდეებზეც ისაუბრეს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა: ეს შეხვედრა აუცილებლად ჰპოვებს გაგრძელებას, რადგან საჭიროა ახალგაზრდების ინიციატივების მოსმენა, რათა მომავალში ეს იდეები სხვადასხვა ღონისძიებაში აისახოს.
ხურჩის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატები მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა. მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად აქვთ ახალგაზრდებს საშუალება, თავისუფალი დრო სწორად გაანაწილონ და ჩაერთონ იმ ღონისძიებებში, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ტარდება.
მონაწილეთა აზრით, თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებული თარიღების დროს დაგეგმილ უფასო კონცერტებს, მათთვის საინტერესო არაფერი ხდება ქალაქში. საერთოდ არ იცნობენ ადგილობრივ პროგრამებს. ისინი, ძირითადად, იმ აქტივობებში არიან ჩართულნი, რომელთაც უნივერსიტეტი ახორციელებს.
გამოითქვა მოსაზრება, მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ითანამშრომლონ ადგილობრივ ახალგაზრდულ დეპარტამენტთან და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა გადაწყვიტა, იმსჯელოს შემდეგ საკითხებზე: რა სახის პროგრამები არსებობს ქალაქში ახალგაზრდებისათვის, რას ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტი, რამდენად აქვს ახალგაზრდობას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში ჩართვის საშუალება.
კომპეტენტური ინფორმაციის მისაღებად მონაწილეები სენაკის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ. ირაკლი კაჭარავამ (სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) მონაწილეებს მოუთხრო, რას აკეთებს ახალგაზრდული სამსახური, რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდა, რას გეგმავენ მომდევნო თვეებში.
- ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ინიციატივა მოვისმინოთ ახალგაზრდებისგან, აქტიურად ჩავრთოთ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, რათა მომდევნო წლის პროგრამები უფრო მრავალფეროვანი იყოს, - განაცხადა მან.
ახალგაზრდების აზრით, შეხვედრა ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. სურვილი გამოთქვეს, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ახალგაზრდულ სამსახურთან, დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც ჩაერთონ.
ხონის ახალგაზრდულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ განიხილა ახალგაზრდული ბიუჯეტი და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ქალაქის განვითარებისათვის. ხონს და მის მიმდებარე სოფლებს ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული არაერთი კარგი პროექტი ახსოვს. ქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით ახალგაზრდების კიდევ მრავალი ინიციატივის რეალიზებაა შესაძლებელი.
დებატების შემდეგ შედგა შეხვედრა ხონის საკრებულოს ახალგაზრდული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან მარინა კუხალაშვილთან. ის ერთ-ერთი პროექტის უშუალო მონაწილე თავად იყო და თანამშრომლობისათვის ახლაც მზადაა. შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. საფუძველი ჩაეყარა პირველ ერთობლივ იდეას - კინოჩვენებები ხონის სკოლებში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის თემატიკაზე.